საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი დოლარი შეადგინა. 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა განმარტავს, რომ 2025 წელს თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 71%-ით გაიზარდა. მისი თქმით, აღნიშნული შედეგი ძირითადად, მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარებს.
მისი ინფორმაციით, თურქული თხილის ფასი ძალიან გაიზარდა, ქართული თხილი კი შედარებით ნაკლებ ფასად ივაჭრებოდა, შესაბამისად, დიდი იყო დაინტერესება. ფასში გამოხატული ზრდა გამოწვეული იყო სწორედ თურქული თხილის ფასიდან გამომდინარე.
„მსოფლიოში თხილის მთავარი მომხმარებელი ევროპის ბაზარია და შესაბამისად, ჩვენთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. აქედან გამომდინარე, ქართული თხილის დაახლოებით 80% გადის ევროკავშირის ბაზარზე, მთავარი ქვეყნები კი იტალია და გერმანიაა. თუმცა ბოლო პერიოდში ახალ ბაზრებზე გასვლასაც ვცდილობთ - ძირითადი მიმართულებებია ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი.
წლევანდელ მოსავალზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, დაახლოებით მარტიდან იწყება ყვავილობა და ამის შემდეგ უკვე შევძლებთ ზოგადი სურათის დანახვას. გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან 2025 წლის მოსავალზე თურქეთში ყინვები დაფიქსირდა, რამაც თხილის შემცირება და შემდეგ ფასების ზრდა გამოიწვია, ანალოგიური მდგომარეობა იყო დაახლოებით 10 წლის წინაც და იმის გამო, რომ წინა წლის ნაშთები არ დარჩა, მომდევნო წელსაც ფასები მაღალი შენარჩუნდა. თუ 2026 წელსაც მოყინა, ეს თხილს კიდევ უფრო გააძვირებს. სხვა შემთხვევაში, არც განსაკუთრებულ მატებას ან კლებას არ ველოდებით“, - აცხადებს ლევან ქარდავა.