"ომი თავისთავად უბედურებაა! თუ ირანმა ჰორმუზის სრუტის დახურვასთან დაკავშირებით, თავისი განზრახვა განახორციელა, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკისთვის - კატასტროფული შედეგი იქნება", - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ გადაცემა"ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ირანის სურვილი განხორციელების შემთხვევაში, ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდება.

"ომი თავისთავად უბედურებაა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და ირანმა თავისი განზრახვა განახორციელა - ორმუზის სრუტის დახურვასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკისთვის - კატასტროფული შედეგი ექნება. კერძოდ, ორმუზის სრუტე - გეოგრაფიული ტერმინია, იმ წყლის აუზისა, რომელიც სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სპარსეთის ყურე კი, მსოფლიო ოკეანესთვის კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია. ორმუზის სრუტეს 3 ქვეყანა ფლობს: ირანი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ომანისა და ირანის ტერიტორიების წყლები ყველაზე ვიწრო ყელში ერთმანეთს ფარავენ. ირანის სურვილის შემთხვევაში დაკეტოს აღნიშნული სრუტე მივიღებთ შედეგს, რომ დაიხურება წყარო, რომლის გავლითაც მსოფლიოში დღიურად, ნედლი ნავთობის 20-დან 25%-მდე გადის და თხევადი გაზის 30%-ზე მეტი. ამ პროდუქციით მარაგდება: აშშ, ევროპა, იაპონია და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ლევან სულაბერიძე.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმდინარე სიტუაციის ფონზე საქართველოს კუთხითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ორმუზის სრუტეზე დამოკიდებული ნაკლებადაა.

"არსებული სანქციების ფონზე ირანის სატრანზიტო მიმართულება - ირანის გავლით საქართველოსთან საკმაოდ მწირად გამოიყურებოდა, რადგან აღნიშნული სატრანზიტო დერეფნის გამოყენებას არც ბანკები არ მიესალმებიან. კონკრეტულად, თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, ამ სრუტეზე დამოკიდებული ძალიან არ ვართ. თუმცა ის, რაც  ინდოეთიდან, ჩინეთიდან მოდის - ძალიან გაძვირდება. ირანი ყველა ჩარჩოში, რომ ჩაჯდეს სუსტი სარკინიგზო სისტემა აქვთ, არაჩვეულებრივი ნავსადგურები აქვთ, სპარსეთის ყურეში, მაგრამ ძირითადად ავტო გადაზიდვებზე მუშაობენ.

საქართველოს გლობალურად დერეფნის ნაწილში, რომ ვისაუბროთ - 3 წელი დავკარგეთ, მაგრამ ახლაც არ არის გვიან...  უფრო მოკლევადიან პროექტებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. 20-50 წლის პერსპექტივაში პრობლემების მოგვარების პოტენციალი ანაკლიას აქვს, ფოთს კი შეუძლია, 10-15 წლის პერსპექტივები მოაგვაროს. მინდა გითხრათ, რომ ნედლი ნავთობი, თუ გაძვირდება, საწვავიც გაძვირდება და ეს ყველაფერი საბოლოო მომხმარებლამდე აისახება. ეს უბედურება ომი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაჩერდეს, რომ აღნიშნული ეკონომიკური შედეგები არ დადგეს", - აღნიშნავს ლევან სულაბერიძე.

შეგახსენებთ, რომირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტები დაბომბა.

ირანელმა კანონმდებელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პარლამენტის კომიტეტის წევრმა, ესმაილ კოსარიმ განაცხადა, რომ ირანის პარლამენტი - მეჯლისი დათანხმდა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვას სწორედ „ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ“.

სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია.

ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

bp.ge