2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში ეკონომიკური სირთულეების გაღრმავებას კარგად აცნობიერებს,- ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვამი FB გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიუხედავად საჯარო პროპაგანდისა „გასაოცარი ეკონომიკური ზრდის“ შესახებ, ბიუჯეტის დოკუმენტი ადასტურებს ფისკალური დაბალანსების აუცილებლობას: საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი რეალურ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით უპრეცედენტოდ დაბალია, რაც მთავრობისთვის ქამრების შემოჭერის და სახელმწიფო ხარჯების შეკვეცის გზაზე სავალდებულო ნაბიჯებს განასახიერებს.

,,კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ პოსტს:

,,

მოკლე აპდეითები ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებზე: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნება, იმის პარალელურად, რომ საჯაროდ ამაყობს გასაოცარი ეკონომიკური ზრდით და ეს ფაქტი თავისი პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია, ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ სინამდვილეში ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური და ფისკალური გამოწვევების წინაშე დგას.

ამის საუკეთესო დასტური 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

ამ მხრივ, პირველ რიგში, ჩემი შექება ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც, როგორც ჩანს, დაარწმუნა ქართული ოცნება, რომ წლევანდელი ეკონომიკურ ზრდა არ არის გასაოცარი, მას რეალურ ეკონომიკურ განვითარებასთან საერთო არაფერი არ აქვს და რეალურად, ქამრების შემოჭერის დრო მოვიდა.

ხოლო, საუკეთესო დასტური იმის, რომ ქართული ოცნების მთავრობა მძიმე წლისთვის ელოდება არის სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო გეგმის პროგნოზი.

რა ხდება? მთავრობა ამბობს, რომ 2026 წლეს 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ის ნომინალში (მხოლოდ) 5%-ით მეტ გადასახადებს აკრეფს.

ინტუიტიურადაც მარტივი მისახვედრია, რომ უცნაურობასთან გვაქვს საქმე. წესით, მხოლოდ ინფლაქციის ფაქტორი რომ გაითვალისწინო, 3%-4%-იანი ინფლაციის პირობებში, აკრეფილი გადასახადები უფრო სწრაფად უნდა იზრდებოდეს, ვიდრე რეალური ეკონომიკური ზრდაა.

იმისთვის რომ ზუსტად მივხვდეთ, თუ რამდენად მოკრძალებულია ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი და რამდენად ეჭვით უყურებს ის თუნდაც 5%-იან ფორმალურ ეკონომიკურ ზრდას, უნდა შევხედოთ წინა წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის პირობებში, როგორ იზრდებოდა ნომინალში აკრეფილი გადასახადები (იხილეთ სურათი; დატა აღებული მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და ჯეოსტატის ოფიციალური მონაცემებიდან).

რა სურათი ჩანს 2021-2024 წლებში? მაგ. 2021-ში, როდესაც ეკონომიკა 10,6%-ით გაიზარდა, გადასახადები წინა წელთან შედარებით აიკრიფა 21,8%-ით მეტი. მაგ. 2022-ში, როდესაც ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა, გადასახადები აიკრიფა 31,6%-ით (!!!) მეტი; როდესაც 2024-ში ეკონომიკა 9,4%-ით გაიზარდა, გადასახადები აიკრიფა 18,9%-ით მეტი; თითქმის ორჯერ მაღალი ეს მაჩვენებლი 2023-შიც.

ანუ, როგორც წესი, გადასახადების აკრეფის ტემპი როგორც მინიმუმ ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

როდის იცვლება სურათი? 2025 წელს, როდესაც ფინანსთა სამინისტრო, 6%-იანი ზრდის პირობებში, მხოლოდ 8,4%-ით მეტი გადასახადების აკრეფას გეგმავს (ვფიქრობ, ამ მხრივ, ის ასევე ქებას იმსახურებს, რადგან, როგორც ჩანს, უკვე წინა წლის ბოლოს კარგად ხვდებოდა არსებული ეკონომიკური ზრდის პარადოქსულ ხასიათს და თავისი მოკრძალებული გეგმით უკვე წელს სერიოზულ შარს აარიდა ქართული ოცნება). რატომ? იმიტომ რომ წელს 9 თვის მონაცემებით, 7,9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, გადასახადები მხოლოდ 9%-ით მეტი არის აკრეფილი, ხოლო 9 თვის გეგმა მინიმალურად (100,1%-ით) არის შესრულებული. შესაბამისად, უფრო ოპტიმისტური საგადასახადო გეგმის პირობებში, ბიუჯეტი უკვე წელს უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგებოდა.

როგორი მოლოდინები აქვს ფინანსთა სამინისტროს 2026 წელთან მიმართებაში. როგორც ჩანს, უფრო უარესი, ვიდრე წლევანდელთან მიმართებაში. როგორ სჯერა მას საკუთარი პროგნოზებისთვის ჯეოსტატის ეკონომიკური ზრდის მონაცემების რეალისტურობის? მგონი, საერთოდ არ სჯერა. რატომ? იმიტომ, რომ 2026 წელს 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პირობებში, ნომინალში მხოლოდ 5%-ით მეტი გადასახადების აკრეფას გეგმავს.

მცირე დასკნები:

- ქართულა ოცნება (ფინანსთა სამინისტრო სწორი შეფასებების საფუძველზე) ძალიან კარგად ხვდება, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციაში შედის, ფისკალურ პრობლემები გროვდება. მისთვის სამწუხაროდ, ძალაუნებურად, მის მთავარ კანონში ამას შავით თეთრზე დაწერა უწევს და შესაბამისად, უნებლიედ აღიარებს ამ პრობლემებს;

- ქართულ ოცნებას უკვე ძალიან შემოაკლდა სახელმწიფო ფული და ამ ეტაპზე, წარმოდგენა არ აქვს, საიდან მოიტანოს ის;

- ეკონომიკური საოცრების შესახებ პროპაგანდისტური ხმაური პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო ინარჩუნებს საღ აზრს და როგორც ჩანს, მან ქართული ოცნებაც დაარწმუნა, რომ ქამრების სერიოზულად შემოჭერის დრო დადგა;

- სახელმწიფო კომპანიების ხარჯების და კადრების ოპტიმაზაცია, სხვადასხვა საშეღავათო სიების გაუქმება, თითების ქნევა ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლებისთვის, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ხმაურიანი დაჭერები, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ბიუჯეტების შეკვეცა და სხვა მსგავსი აქტივობები, ყველაფერი არის ამ გამოწვევებზე გამოძახილი;

როგორც ბიუჯეტის პროექტში ნაჩვენები გადაწყვეტილებებიდან ჩანს, ფულის დაგირებით ქართული ოცნება არ აპირებს მოსახლეობის და ბიზნესის კეთილგანწყობის შენარჩუნებას (გარდა, სოციალური ხარჯების ზრდისა, ძირითადად პენსიის სახით, რომელზეც მას კანონით აქვს აღებული ვალდებულება და რომლის ტარგეტი მისი ძირითადი მხარდამჭერის/ამომრჩევლის ჯგუფია); შესაბამისად, რუსეთის მაგალითზე, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების გვერდით ეფექტებთან განმკლავება, სავარაუდოდ, უფრო დემოკრატიული რეპრესიებისა და ბიზნეს-გარემოს უფრო შევიწროების ხარჯზე მოხდება",- წერს ხიშტოვანი.