განახლებული პროგნოზით, 2024 წელს 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაც ძირითადად ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესებითაა განპირობებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის მოლოდინით, 2025-2026 წლებში ეკონომიკა 5%-იანი ტემპით გაიზრდება.

„მძლავრი დაკრედიტების ფონზე, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, რის გამოც სებ-მა 2024 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა.

დაბალი ინფლაციის პირობებში შინამეურნეობათა რეალური შემოსავლების მატების ფონზე, ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა მოხმარება იქნება მაშინ, როცა ინვესტიციებსა და წმინდა ექსპორტს შედარებით მოკრძალებული წვლილი ექნება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის პოტენციალიც მიმდინარე პერიოდში სწრაფად იზრდება, რაც ძირითადად სამუშაო ძალისა და ცალკეულ სექტორებში შრომის ნაყოფიერების ზრდის შედეგია.

აღნიშნული ფაქტორების დინამიკა, მომავალ პერიოდებში, ნორმალიზდება პოტენციალის გრძელვადიანი ზრდის დონის ირგვლივ და 2025-2026 წლებში ეკონომიკა ამ დონესთან ახლოს, 5%-იანი ტემპით გაიზრდება.

თუმცა ზემოაღნიშნული მიმდინარე ეტაპზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ინფლაციისთვის რისკს წარმოადგენს ისევე, როგორც მიწოდების სხვადასხვა ფაქტორები - რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში მომატებული გაურკვევლობის ფონზე, რასაც თან ერთვის შიდა გაურკვევლობაც. ამდენად, 23 ოქტომბრის სხდომაზე, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ოპტიმალურია მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ნელი ტემპის შენარჩუნება. აღნიშნული, ერთი მხრივ, მოთხოვნის მხრიდან წნეხის სრულ ნეიტრალიზებას უზრუნველყოფს და, მეორე მხრივ კი, პასუხია გაზრდილ ინფლაციურ რისკებზე. განაკვეთის გარკვეული პერიოდით უცვლელად შენარჩუნების შემდგომ, ის მის ნეიტრალურ, სებ-ის შეფასებით 7%-იან, დონესთან დაახლოებას ეტაპობრივად დაიწყებს“, - ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.