ქართული თხილის საექსპორტო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ერთი კილოგრამი პროდუქტის საშუალო საექსპორტო ღირებულება 10.6 აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 40%-ით აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 6.9 ათასი ტონა თხილი გავიდა. ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ 73 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
2025 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, თხილის ექსპორტის მოცულობა 7%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 24.4 მილიონი დოლარით, ანუ 50%-ით არის გაზრდილი.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის ზრდას ხელს უწყობს როგორც პროდუქტის საექსპორტო ფასის მატება, ისე ნაჭუჭგაცლილი და მაღალი ღირებულების თხილის წილის ზრდა.
ქართული თხილისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ ევროკავშირის ქვეყნები რჩება. პროდუქცია ძირითადად იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში გადის.