ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე დავით მირცხულავა საუნივერსიტეტო რეფორმას ეხმაურება.
როგორც მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა ჩამოშორდეს ყველა არაპროფილური, არატექნოლოგიური მიმართულება.
„მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია გაცხადებული საუნივერსიტეტო რეფორმის კონტექსტში, კერძოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმართებით.
მიმაჩნია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა ჩამოშორდეს ყველა არაპროფილური, არატექნოლოგიური მიმართულება. ვთვლი, რომ მათი თავის დროზე ამ უნივერსიტეტში დაფუძნება დიდი შეცდომა იყო. ეს მიმართულებები, ჩემი აზრით, გაცილებით ბუნებრივად შეუერთდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩებოდა ქვეყნის ერთადერთ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად.
ყოველთვის აღვნიშნავ, რომ დღეს ახალგაზრდა ინჟინრები სანთლით საძებნია და ამ მიმართულებით ქვეყანა ყველაზე დიდ გამოწვევებს აწყდება. ამის გამო სახელმწიფოს ნამდვილად აკლია საინჟინრო სპეციალობის უმთავრესი საფუძველი – სისტემური მიდგომა. საინჟინრო განათლების მქონე ადამიანი, განსხვავებით სხვებისგან, კონკრეტულ პრობლემას იზოლირებულად არასოდეს განიხილავს, არამედ აკვირდება მის ყველა ურთიერთკავშირს.
ამგვარად, მას შეუძლია დაინახოს, თუ რა მოხდება დროთა განმავლობაში და მოახდინოს გრძელვადიანი პროგნოზირება. მრავალი წელია, პროფესიონალი ინჟინრების თანამდებობებზე ხშირად ვხვდებით იურისტებს, ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ფილოლოგებს და ა.შ. ზოგიერთი მათგანი მართლაც ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას, თუმცა ქვეყანა აშკარად აგებს ეფექტურობაში. მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანიების (სახელმწიფო თუ კერძო) 70%-ის ხელმძღვანელები გამორჩეული ინჟინრები არიან.
საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის დაფუძნების იდეის ავტორი იყო აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსი და მექანიკოსი. სწორედ ამ ლეგენდარულმა მეცნიერმა მიმართა გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებს ცნობილი წერილით: „ჩვენ მაღალი პოლიტექნიკური სკოლა გვჭირდება“. მიმაჩნია, რომ დღესაც და მომავალშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხშირად მივმართავ ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილებას. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი „ტეხნიონი“ მთელი ისრაელის სიამაყეა. სწორედ ამ უნივერსიტეტის აღზრდილები ხელმძღვანელობენ ისრაელის უამრავ წარმატებულ კომპანიას ტექნოლოგიური მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც სამხედრო მრეწველობას, ისე მშენებლობას, ხელოვნურ ინტელექტს, ენერგეტიკას და სხვა მრავალ სფეროს.ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაში, საინჟინრო აზროვნების ერთ-ერთ ცენტრში, სადაც საამაყოა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური დაწესებულება.
ჩინეთის ტექნოლოგიური, სამეცნიერო და საინჟინრო „ნახტომის“ საფუძველი სწორედ პეკინის ცინხუას უნივერსიტეტის (რომელსაც „ჩინურ MIT-ს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ბოლო დროს გაუსწრო ამ ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს) აღზრდილი ინჟინრები არიან, ან ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ხაფეიში, რომელიც ნანოტექნოლოგიების, კვანტური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და სხვა მოწინავე სფეროების ცენტრად იქცა.
რეფორმა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტსაც სჭირდება, ამაზე არავინ დავობს ძალიან დიდი ხანია, ასევე, ცოდნის მიღების პროცესის გაუმჯობესება, რომ უპირველესი ამოცანაა, ესეც გასაგებია. მაგრამ ქვეყანაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არსებობა, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა იყოს საკამათო“, - წერს დავით მირცხულავა.