ექსპერტი განათლების საკითხებში გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ განათლების პოლიტიკის წარმართვა საქართველოში უკიდურესად არადემოკრატიულად ხდება, როცა მასში ჩართულები არ არიან ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, მასწავლებლები, სკოლების დირექტორები, მშობლები, მოსწავლეები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი ჭანტურია უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, მთავრობა, განათლების სამინისტრო დარგში არსებულ დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდეს და პროფესორ-მასწავლებლების, პედაგოგების ხელფასების გაზრდას ცდილობდეს, არასწორი და დეკორაციული ცვლილებები შემოაქვთ.

„ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ წინა დღით გაიგო უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ. გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება, პირველ რიგში, ეს არის არადემოკრატიული და უკიდურესად შეურაცხმყოფელი. გადაწყვეტილებები ასე არადემოკრატიულად მიიღება იმის გამო, რომ მასში საგანმანათლებლო ამოცანები ნაკლებად არის და ძირითადად, საქმე გვაქვს პარტიულ ამოცანებთან - ის, რომ მაგალითად, მე-12 კლასი უქმდება, ის, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე ერთ წელს აკლებენ, ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამით ხარჯების დაზოგვა ხდება.

უნივერსიტეტების შეერთებითაც შეგვიძლია მერკანტილურ ინტერესებზე ვისაუბროთ. ანუ ის, რომ ცენტრში არსებული შენობების გასხვისებაა ინტერესი, ამაზეც ბევრი იყო საუბარი და ასე შემდეგ. შესაძლოა, შენობების გასხვისება დღესვე არ განახორციელონ, მაგრამ ცოტა ხანში ესეც მოხდება, სხვა ახსნა ამას არ აქვს“, - აცხადებს გიორგი ჭანტურია.

მისივე თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრო ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ დიდხანს და უფრო საფუძვლიანად კი არ უნდა ვისწავლოთ, პირიქით, უნდა მოვაკლოთ სწავლა და ამით ხარისხი გაიზრდება.

„ჩვენ გვაქვს პრობლემა ხარისხსა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ყველა საფეხურზე - ჩვენ ვიცით, რომ აკადემიური მოსწრებით ჩვენი მოსწავლეები ჩამორჩებიან, ვიცით, რომ შრომითი პირობები განათლებაში არის უკიდურესად დაბალი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემებს ვუპასუხოთ, ასეთი არასწორი და დეკორაციული ცვლილებები შემოაქვთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ სტუდენტების რაოდენობაც შემცირდება და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობაც, განსაკუთრებით - პოლიტიკური ნიშნით“, - აღნიშნავს გიორგი ჭანტურია.