მდიდრული ცხოვრების სტილის რეპუტაციის გამო, დუბაიზე ხშირად ამბობენ, რომ იქ "ქუჩები ოქროთია მოპირკეთებული". მალე ეს იდიომი რეალობად იქცევა, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი მზადაა, გახსნას ქუჩა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ოქროსგან იქნება აშენებული - ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.
ქუჩა ახალი "დუბაის ოქროს უბნის" (Dubai Gold District) ნაწილია და ის "ოქროს გამოყენებით აშენდება", თუმცა რას გულისხმობს ეს კონკრეტულად, ჯერჯერობით უცნობია.
"დუბაის ოქროს უბნის" შესახებ ინფორმაცია დუბაის მედია ოფისმა 27 იანვარს გაავრცელა. ოქროს ქუჩის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
რა არის "დუბაის ოქროს უბანი"?
"დუბაის ოქროს უბანი" ქალაქში ამჟამად არსებული „ოქროს ბაზრის“ (Gold Souk) რებრენდინგია. დეირას რაიონში მდებარე ეს ტერიტორია 1 000-მდე საცალო მოვაჭრეს აერთიანებს, რომლებიც ოქროსა და ძვირფას სამკაულებს ყიდიან.
დუბაის მედია ოფისის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ოქროთი ვაჭრობით მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა. 2024-2025 წლებში ქვეყანამ 53.41 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ექსპორტი განახორციელა.
"ოქროს ბაზარი" ქალაქის ძველ ნაწილში პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ის სანელებლების, სუნამოებისა და ანტიკვარული ნივთების ბაზრების გვერდით მდებარეობს.
ქალაქმა ასევე დააანონსა "მომავლის მარყუჟი" - future loop - 2 კილომეტრიანი კონდიცირებული ხიდი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ისეთ ადგილებსა და შენობებს, როგორიცაა: დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, მომავლის მუზეუმი, Emirates Towers და დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ასევე მიმდებარე მეტროსადგურები.
იმედოვნებენ, რომ პროექტი ქალაქში ფეხით გადაადგილებას შესაძლებელს გახდის მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულის თვეებშიც კი, როდესაც ტემპერატურა 45°C-ს აღწევს.