სირიის ტურიზმის მინისტრმა, მაზენ ალ-სალჰანიმ გაზეთ The National-ს განუცხადა, რომ ტურიზმის სექტორის აღსადგენად, ქვეყანას, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია სჭირდება.
„სირია ცდილობს, მოიზიდოს სახსრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტირებისთვის, სასტუმროების აღსადგენად, ახალი კურორტების ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რათა ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მიღება შეეძლოს“, - განუცხადა მან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ გამოცემას და დასძინა, რომ რეკონსტრუქციასა და განახლებას 1 468 ტურისტული ობიექტი საჭიროებს.
სირია აპირებს, თანდათან აღადგინოს ტურიზმის სექტორი, რომელიც, სამოქალაქო ომისა და სანქციების გამო, დიდი ხნის განმავლობაში იყო გაყინული, რამაც, თავის მხრივ, ქვეყანა გლობალური ფინანსური სისტემისგან იზოლაციაში მოაქცია. სექტემბერში დამასკომ, ტურიზმის მხარდასაჭერად, 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.
2010 წელს, ტურისტული ინდუსტრიის პიკზე, სირიამ 8.5 მილიონი ტურისტი მიიღო, მაგრამ შიდა კონფლიქტის დაწყებისთანავე, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი საზღვარგარეთ გაიქცა, ეკონომიკა მალევე ჩამოიშალა.
პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს, აღადგინოს ინვესტორთა ნდობა, მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, აგრეთვე განახორციელოს საკანონმდებლო რეფორმა და მოახდინოს გაუფასურებული ვალუტის რევალვაცია.
სალჰანის თქმით, სირია წელს, ჯამში, ხუთი მილიონი ვიზიტორის მოზიდვას გეგმავს, რაც შარშანდელ მაჩველებელზე 1 მილიონით მეტი იქნება. თუმცა, ამისთვის საჭიროა უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის განახლება, საგზაო და სარკინიგზო ტრანსპორტის გაუმჯობესება, ტურისტებისთვის ხარისხიანი განთავსების ადგილების და მომსახურების შეთავაზება და ომით დაზარალებული ღირსშესანიშნაობების აღდგენა.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ტურიზმის ხუთწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, სირია მიზნად ისახავს, ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 15-დან (2025 წელი) 30-35 პროცენტამდე (2030 წელი) გაზარდოს. მისივე თქმით, გეგმა ითვალისწინებს 2026 წელს ტურიზმის სფეროში პირდაპირი და არაპირდაპირი გზით 40 000 ადამიანის დასაქმებას, რაც 2030 წლისთვის 450 000-დან 500 000-მდე გაიზრდება.
სირიის ტურიზმის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ თერთმეტ თვეში სირიაში ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ 3.56 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 18%-იანი ზრდაა. მათი უმრავლესობას (2.69 მილიონი ვიზიტორი) საზღვარგარეთ მცხოვრები სირიელები შეადგენენ, რაც წინა წელთან შედარებით, 6%-ით მეტია.
წყარო: 1 არხი