თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) ბოლო პერიოდში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობების ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება.

თიზ-ის განმარტებით, თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამგვარი კომპანიების საქმიანობის შესახებ მცდარია.

განცხადების მიხედვით, გავრცელებულ მასალებში ნაჩვენები ობიექტი, რომელიც მოქმედ ინფრასტრუქტურად არის წარმოდგენილი, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს და მისი დემონტაჟიც დასრულებულია.

ამასთან, თიზ-ი აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება სანქცირებული კომპანიების მაინინგ კომპანიებთან კავშირის შესახებ. მათივე ინფორმაციით, კრიპტომაინინგი ზონაში პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს, გარდა ერთი ობიექტისა, რომელიც „მილევად რეჟიმში“ მუშაობს და სიუჟეტში ნახსენებ კომპანიასთან კავშირი არ აქვს.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ასევე გამოეხმაურა ელექტროენერგიის ღირებულებისა და დღგ-ის საკითხს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის მიწოდება ექსპორტად მიიჩნევა და დღგ-ისგან გათავისუფლებულია, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დღგ მომხმარებლისთვის რეალურ ხარჯს არ წარმოადგენს, რადგან მასზე ჩათვლის უფლება ვრცელდება. შესაბამისად, თიზ-ის შეფასებით, არასწორია მტკიცება, თითქოს აღნიშნული რეჟიმი ზონაში მოქმედ კომპანიებს ელექტროენერგიის შესყიდვისას ავტომატურად 18%-იან უპირატესობას ანიჭებს.

განცხადების თანახმად, თბილისის თიზ-ი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო ახორციელებენ.

თიზ-ის ინფორმაციით, 2023 წლიდან, ახალი მფლობელის პირობებში, ზონაში ამოქმედდა 15 ახალი საწარმო, გადამამუშავებელი და სასაწყობო პროექტი, აშენდა 12 ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი და მოზიდულია 70 მილიონი ლარის ინვესტიცია.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განცხადებით, მისი პრიორიტეტია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედი ინვესტორებისა და ბიზნესპროექტების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.