ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უფრო თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.

შემუშავებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მიკვლევადობა  ნიშნავს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ხორცის წარმომავლობა, რა გზას გადის ის ფერმიდან სუფრამდე, ანუ მარტივდება პროდუქტის წარმოშობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მის ეფექტიან კონტროლს ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) NAITS პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემას ნერგავს, რაც ხორცისა და ხორცპროდუქტების უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს