ყურძნის სუბსიდირების არსებული მოდელი მევენახეობის სექტორს გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს და გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად უფრო ძვირი უჯდებათ. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური „მოსავლის მართვის კომპანიის“ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდა. დოკუმენტში ასახულია კომპანიის მრავალმილიონიანი ზარალი და დაგროვილი პროდუქციის მარაგების მნიშვნელოვანი გაუფასურება.

სამანიშვილის შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია“ დამოუკიდებელი და მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი არ არის. მისი მთავარი ფუნქცია იმ ჭარბი ყურძნის შესყიდვაა, რომლის ათვისებაც კერძო ბაზარს აღარ შეუძლია.

„სახელმწიფო ღვინის ბიზნესში მოგების მისაღებად არ მონაწილეობს. კომპანია რეალურად იმისთვის არსებობს, რომ ჩაიბაროს ყურძენი, რომელსაც ბაზარზე მყიდველი არ ჰყავს. ეს სოციალური და დიდწილად ემოციური გადაწყვეტილებაა, რადგან საზოგადოებას არ სურს, მოსავალი გაუყიდავი დარჩეს ან გაფუჭდეს“, – განაცხადა სამანიშვილმა.

მისი თქმით, თავისუფალი ბაზრის პირობებში პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება ფასის დაცემას იწვევს, ზოგჯერ კი მოსავალი საერთოდ დაუკრეფავი რჩება. ყურძნის შემთხვევაში სახელმწიფო ამ პროცესში ერევა და ჭარბ მოსავალს ხელოვნურად მაღალ ფასად ყიდულობს, რათა მევენახეების უკმაყოფილება თავიდან აიცილოს.

სამანიშვილის განმარტებით, ძვირად შეძენილი ყურძნისგან წარმოებული სპირტის თვითღირებულება მსოფლიო საბაზრო ფასს მნიშვნელოვნად აღემატება. შესაბამისად, მისი რეალიზაცია საწყის ფასად პრაქტიკულად შეუძლებელია.

„კანონმდებლობა კომპანიას ავალდებულებს, პროდუქცია პირველ აუქციონზე თვითღირებულების ფასად გაიტანოს. თუმცა საუბარია დაბალი საფასო სეგმენტის სპირტზე, რომელსაც მსოფლიო საბაზრო ღირებულებაზე ძვირად არავინ შეიძენს. ამიტომ პირველი აუქციონები უშედეგოდ სრულდება, შემდეგ კი ფასი ეტაპობრივად მცირდება. სხვაობას შესყიდვისა და რეალიზაციის ფასებს შორის სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ საზოგადოება ფარავს“, – აღნიშნა მან.

მისი ინფორმაციით, თუ წარსულში რთვლის მხარდაჭერა სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 40-50 მილიონი ლარი უჯდებოდა, ბოლო პერიოდში ეს ხარჯი 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

სამანიშვილი პრობლემად სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკასაც ასახელებს. მისი თქმით, ერთი მხრივ, სახელმწიფო ახალი ვენახების გაშენებასა და მარნების მოწყობას აფინანსებს, მეორე მხრივ კი მოგვიანებით იძულებული ხდება, გაზრდილი და ბაზრისთვის ჭარბი მოსავალიც თავად შეისყიდოს.

„ჩვენ უკვე იმაზე მეტ ყურძენს ვაწარმოებთ, ვიდრე ბაზარს შეუძლია აითვისოს. მაღალ ფასად გარანტირებული შესყიდვა მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის წარმოების მოტივაციას უკარგავს. მისთვის მთავარი ხდება არა ხარისხი, არამედ რაც შეიძლება მეტი მოსავლის მიღება, რადგან იცის, რომ ყურძენს სახელმწიფო მაინც ჩაიბარებს. ეს კი ქართული ღვინის პოზიციებს საერთაშორისო ბაზრებზე ასუსტებს“, – განაცხადა სამანიშვილმა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკა იმავდროულად ეწინააღმდეგება დარგის გაცხადებულ მიზანს, ქართული ღვინო უფრო მაღალ საფასო სეგმენტში გადავიდეს. ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად მოქმედი მოდელი ჭარბი და დაბალხარისხიანი ნედლეულის წარმოებას ახალისებს.

სამანიშვილი გამოსავალს ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის ეტაპობრივ შემცირებაში ხედავს. მისი თქმით, ეს პროცესი შესაძლოა მტკივნეული იყოს, თუმცა რამდენიმე წელიწადში ბაზარი წარმოების რეალურ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანას შეძლებს.

„რაც უფრო მეტად ვეხმარებით და ვასუბსიდირებთ, მით უფრო მეტ მოტივაციას ვქმნით ჭარბი და დაბალხარისხიანი ყურძნის საწარმოებლად. ჩარევის შემცირება პოლიტიკურად რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა, თუ ამ გზას ავირჩევთ, დაახლოებით სამ წელიწადში ბაზარი თავად დაარეგულირებს წარმოებას და ჭარბი ყურძნის პრობლემაც ეტაპობრივად მოიხსნება“, – აღნიშნა მან.

2025 წლის რეკორდული რთვლის დასაფინანსებლად „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 121.9 მილიონი ლარის საბანკო სესხი აიღო. კომპანიამ 240 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით 145.7 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა, რაც მთლიანი მოსავლის 44%-ს შეადგენდა.

პროდუქციის რეალიზაციის სირთულეების გამო, 2025 წლის ბოლოს კომპანიის მარაგების ღირებულება 220.7 მილიონი ლარიდან 52.2 მილიონ ლარამდე, ანუ 76%-ით შემცირდა. 2026 წლის დასაწყისში 10 მილიონი ლიტრი სპირტის გასაყიდად ჩატარებული სამი აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ფასი 80 მილიონი ლარიდან 64.8 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ჭარბი მოსავლის ერთ-ერთი მიზეზი ვენახების ფართობის მკვეთრი ზრდაა. 2014-2024 წლებში ვენახების ფართობი 81%-ით, 59.9 ათას ჰექტარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობები იმავე ტემპით არ გაფართოებულა.

ამავე დროს, 2025 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება 3%-ით, 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი 6%-ით, 237 მილიონ დოლარამდე დაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მევენახეების მხარდასაჭერად ჭარბი ყურძნის შესყიდვა აუცილებელია, თუმცა დაგროვილი მარაგების რეალიზაცია კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.