S&P Global-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა.
ახალი შეფასებით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც თებერვალში სააგენტო 5.4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
S&P-ის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის მთავარ მამოძრავებელ ძალად წელს შიდა მოხმარება რჩება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 8.3% იყო, რაც საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
მომდევნო წლებში S&P ზრდის ტემპის თანდათან შენელებას ელოდება და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის პოტენციურ ზრდას დაახლოებით 5%-ის დონეზე აფასებს.
ამასთან, სააგენტოს მიმდინარე პროგნოზში Eagle Hills-ის დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტიცია გათვალისწინებული არ არის. S&P-ის შეფასებით, პროექტის განხორციელებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებსა და საშუალოვადიან ნდობაზე.
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა, თუმცა პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.