სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.

როგორც სააგენტო წერს, მოსალოდნელზე ძლიერი იმპულსის გათვალისწინებით, მშპ-ს წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-მდე გაზარდეს, თუმცა, 2026 წელს S&P-ის ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნბისთვის  5.2%-მდე პროგნოზირებს, ხოლო 2027 წლისთვის ზრდის 4.7%-მდე შენელდებას ელოდება, რადგან, სააგენტოს გათვლით, მოხმარება ნორმალიზდება და ინვესტიციები კი შესუსტდება.

"ვვარაუდობთ, რომ კაპიტალის ფორმირების შემცირება, რაც დიდწილად განპირობებული იქნება პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდით და ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი. შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება მშპ-ს 4%-მდე ამ ტენდენციის დასტურია, რაც COVID-19 პანდემიის წლის გამოკლებით 2001 წლიდან დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია", - წერია S&P-ის ანგარიშში.

ცნობისთვის, S&P- მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა.

რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული. 

გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც და 4.1% შეადგენს. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.5% -ზე ფიქსირდებოდა.