აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უმასპინძლებს, სადაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებენ.

როგორც გამოცემა Axios აღნიშნავს, მხარეებს შორის შეთანხმება ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება და დაეხმარება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულების პროცესს.

ამასთან, ეს იქნება მორიგი შანსი ტრამპისთვის, რათა თავი წარმოაჩინოს როგორც მშვიდობის დამმყარებელი – რუანდა-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ინდოეთი-პაკისტანისა და კამბოჯა-ტაილანდს შორის მიღწეული შეთანხმებების შემდეგ.

აშშ-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა, თუმცა, მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტებიც ერთვის.

გამოცემის ცნობით, სომხეთი დათანხმდა საკუთარ ტერიტორიაზე 43.5 კმ-ის სიგრძის დერეფნის შექმნას, რომლის განვითარებაზეც აშშ იზრუნებს და რომელსაც "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" ეწოდება. დერეფანი აზერბაიჯანის დიდ ნაწილს თურქეთის საზღვართან მდებარე მცირე ზომის აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს.

დერეფანი საშუალებას მისცემს ადამიანებსა და სავაჭრო საქონელს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და ასევე, მის ფარგლებს გარეთ, ცენტრალურ აზიაში გადაადგილდნენ ირანის ან რუსეთის გავლის გარეშე, რასაც ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩაკეტილი საზღვარი აფერხებს.

ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში მიმდინარე წლის მარტიდან ჩაერთო, მას შემდეგ რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ბაქოში მოსკოვიდან, დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, მოლაპარაკებების მიზნით, რეგიონში ხუთჯერ ჩავიდა უიტკოფის სპეციალური წარმომადგენელი, არიე ლაითსთოუნი.

ასევე, როგორც Axios წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ აშშ-სთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ნებართვის მიცემით, ის ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ გარანტს შეიძენდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში თავდასხმის წინააღმდეგ.

გამოცემასთან საუბრისას, ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ "ეს შეთანხმება სომხეთს მსოფლიოსთვის გახსნის და ირანზე დაყრდნობის ნაცვლად, მათ ახლა მთავარ პარტნიორად აშშ ეყოლებათ".

tabula.ge