სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების შედეგად სატრანსპორტო დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეასუსტებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ (TCRC) აქვეყნებს.
ორგანიზაცია იმ დეტალებზე საუბრობს, რაც სომხეთ - აზერბაიჯანის შორის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა შემთხვევაში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მოახდენს გავლენას.
„სარკინიგზო ტრანსპორტის თვალსაზრისით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის და მისი განშტოების ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივას წარმოადგენს, ყარსი-გიუმრი-ნახიჩევანი-მეგრი-ბაქოს (ყგნმბ) მაგისტრალი, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო სადღეისოდ არ ფუნქციონირებს.
იმისათვის, რომ კონკრეტული დასკვნა იქნეს გაკეთებული, თუ როგორ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე აზერბაიჯან-სომხეთის ახალი სარკინიგზო დერეფნის გახსნა, აუცილებელია გაანალიზებული იქნეს ორი ქვევარიანტი:
- ვარიანტი 1: ისხნება ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეგრი - ბაქოს დერეფანი, აზერბაიჯან - ირანის (ასტარა) სარკინიგზო განშტოება;
- ვარიანტი 2: იხსნება ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს დერეფანი, სომხეთ - ირანის (ჯულფა) სარკინიგზო განშტოება.
განშტოებების გარეშე ყარსი-გიუმრი-ნახიჩევანი-ბაქოს დერეფნის ამოქმედება, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც, საქართველოს ნავსადგურებიდან/სკენ შემოსული/გასული ტვირთნაკადი, რომლის საბოლოო დანიშნულება, აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ან რუსეთის რეგიონია ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოძრაოს გრძელ / მთაგორიან და ფინანსურად „ძვირი“ ყარსი-გიუმრი-ნახიჩევანი-ბაქოს მაგისტრალით.
რამდენად შესაძლებელია, ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის კონკურენტი აღმოჩნდეს ყარსი - ნახიჩევანი - ბაქოს მიმართულება? აქ პასუხი ცალსახაა, თუ არსებულ რეალობას შევაფასებთ ბაქო - თბილისი - ყარსის მაგისტრალზე სადღეისოდ, ძირითადი ტვირთნაკადი ფორმირდება რუსეთიდან და ყაზახეთიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ და თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებისკენ, (ძირითადად ხორბალი, ლითონი და ლითონკონსტრუქციები, ქიმიური ტვირთები) შესაბამისად, თუ ტვირთნაკადი ზემოაღნიშნული რეგიონებიდან იქნება მოზიდული, პრიორიტეტი - ბაქო - თბილისი - ყარსის მაგისტრალს მიენიჭება.
იმ ვითარებაში, თუ ტვირთნაკადი ირანის ცენტრალური რეგიონებიდან იქნება ფორმირებული და აზერბაიჯანის სარკინიგზო ქსელით დაუკავშირდება ყაზვინ - რეშტ - ასტარის სარკინიგზო განშტოებას (ვარიანტი 1) და ამ ტვირთნაკადების სავარაუდო მიმართულება იქნება თურქეთი ან თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურები, ასეთ ვითარებაში საქართველო დაკარგავს ირანის ტვირთნაკადს, რომლისთვისაც მოხერხებული იქნება აზერბაიჯან - სომხეთი - თურქეთის სამკუთხედით მოძრაობა.
მნიშვნელოვნად დაზარალდება, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, თუ სომხეთსა და ირანს შორის სრულფასოვნად ამოქმედდება ჯულფის სარკინიგზო განშტოება (ვარიანტი 2), ასეთ ვითარებაში, თუნდაც, ირანის სამხრეთ ნავსადგურ ბენდერ - აბაასში ჩინეთიდან შემოსული კონტეინერი, საქართველოს ნავსადგურების გვერდის ავლით, ახალი მაგისტრალის გავლით აღმოჩნდება, როგორც სომხეთში ასევე თურქეთის ხმელთაშუა ნავსადგურებში, რითაც სომხეთი ფაქტობრივად შეიძენს ს ა ტ რ ა ნ ზ ი ტ ო ქვეყნის სტატუსს, რომელიც სადღეისოდ არ გააჩნია.
განსაკუთრებით, აღსანიშნავია, საქართველოს ნავსადგურებიდან საკონტეინერო ნაკადის დაკარგვის შესაძლებლობა, კერძოდ ჩინეთიდან, საზღვაო მარშრუტით, ამიერკავკასიაში მიმავალი კონტეინერისათვის, ეკონომიკურად მიმზიდველია საქართველოს ნავსადგურების ნაცვლად ირანის სამხრეთით განლაგებული ბენდერ აბასის ნავსადგურის გამოყენება და შემდგომ რკინიგზით, ჯულფის გასასვლელით სომხეთში და აზერბაიჯანში გადანაწილება, რაც უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ტვირთების ზრდის დინამიკაზე.
სომხეთის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია - სპილენძი მოლობდენი, პერლიტი და სხვა, რომლის წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება - სადღეისოდ, საქართველოს გავლით, გადაიზიდება ჩინეთში და ევროპაში, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი სომხეთის პროდუქციას მიიღებს არა საქართველოს ნავსადგურებით, არამედ, როგორც სომხეთიდან ირანის სამხრეთით განთავსებული ნავსადგურების, ასევე თურქეთის ხმელთაშუა ნავსადგურების გავლით, რაც საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად დააქვეითებს, ამასთან, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს დააკარგვინებს ძვირადღირებული ტვირთის გადაზიდვებს.
დასკვნის სახით - სომხეთ აზერბაიჯანის მოლაპარაკების შედეგად სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა მნიშვნელოვნად შეასუსტებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.