საგადასახადო სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების გაუქმება სწორი არ იქნება.

საქმე ისაა, რომ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რიგი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა უფრო მაღალია, ვიდრე საგადასახადო დანახარჯების. შესაბამისად, კითხვაზე, იგეგმება თუ არა აგროსექტორში დაწესებული შეღავათების გაუქმება, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების ნაწილი მომდევნო პერიოდში სწორედ პროგრამების მიმართულებით გადამისამართდეს.

როგორც BMG-სთან აუდიტორული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი, ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, ადგილობრივ მწარმოებლებს იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა ისედაც უჭირთ და აუცილებელია დარგისთვის შეღავათები შენარჩუნდეს.

“მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ახლა გამართლებული სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებაზე და მიწოდებაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაუქმება, ვინაიდან ეს გამოიწვევს ერთი მხრივ, ხარჯების გაზრდას ბიზნესისთვის და მეორე მხრივ, ფასების უფრო მეტად მომატებას. ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი ისედაც ვერ უწევს კონკურენციას ფასის თვალსაზრისით იმპორტირებულ პროდუქციას და წარმოიდგინეთ, შეღავათი რომ გავაუქმოთ და ამას რომ დღგ დაემატება, ის კიდევ უფრო მეტად გაძვირდება და საერთოდ ვერ მოახერხებს ადგილობრივი მწარმოებელი და ფერმერი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას. ბაზარი გაჯერებულია იმპორტული პროდუქტით, რომელიც საქართველოშიც იწარმოება, უბრალოდ უფრო ძვირი ღირს ადგილობრივი და ხალხი ყიდულობს იმპორტულს.

სახელმწიფო პროგრამები მიზნობრივია, მაინც კონკრეტულ დარგზე დაწესდება ან კონკრეტული მიმართულებით. შეიძლება მაგალითად სარწყავი სისტემა ან ნერგი დაფინანსდეს, მაგრამ არ იქნება ეს ისეთი მასიური, რომ ყველაზე გავრცელდეს. დღეს კი ეს შეღავათი ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ამის გაუქმება დღეს ნამდვილად არ იქნება სწორი. პირიქით, ერთადერთი დარგი, რომელსაც პოტენციალი აქვს, რომ განვავითაროთ, ეს სოფლის მეურნეობის სექტორია”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შეღავათების შეკვეცისთვის სხვა მიმართულებების ანალიზი უნდა ჩაატაროს.

„საგადასახადო კოდექსით გვაქვს ძალიან ბევრი არაგონივრული საგადასახადო შეღავათები შემოღებული, და რაც მალე დაიწყება ამ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმების შემცირება, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. მესმის, რომ ეს არის მტკივნეული, ამიტომაც არავინ არ კიდებს ხელს, მაგრამ ეს არის დროზე გასაკეთებელი. ზოგიერთი შეღავათი სოციალური დანიშნულებისაა, რომელსაც ხელს ვერ ვახლებთ. მაგრამ გვაქვს გარკვეული შეღავათები, რომლებიც თითქოსდა გარკვეულ დარგების ან სფეროების სტიმულირების ან დახმარების მიზნით არის შემოღებული, მაგრამ მათი ნაწილი რეალურად ბაზარს ამახინჯებს და კონკურენციას არღვევს“, - განაცხადა ძნელაშვილმა.

bm.ge