საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მკვეთრი ზრდა.

ამასთან დაკავშირებით აქტუალურია მიღებული მოსავლის მინიმალური დანაკარგებით ათვისება, რისთვისაც საკონსერვო ქარხნების აღორძინებასთან ერთად აუცილებელია ნედლეულის მიმღები (დამამზადებელი) პუნქტების აღჭურვა მაღალმწარმოებლური თანამედროვე საშრობი ტექნიკით.

შრობა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი პროცესია, რომელიც ამცირებს ნედლეულის დანაკარგებს და რიგ შემთხვევებში არის გასაშრობი ნედლეულის ხარისხის და სათესლე მასალის აღმოცენების უნარის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

საშრობი ტექნიკის სიმძლავრე და განვითარების დონე საქართველოში არ შეესაბამება სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი მასების შენარჩუნების თანამედროვე მოთხოვნებს. საშრობი პარკის საერთო სიმძლავრე არასაკმარისია. 90-იან წლებში საქართველოს კვების მრეწველობის საკონსერვო ქარხნებსა და „ცეკავშირის” სისტემაში წარმატებით მომუშავე მცირერიცხოვანი კონვეიერული საშრობები თითქმის მთლიანად გამოსულია მწყობრიდან.

ცნობილია, რომ ტენიანი მარცვლეულის შენახვისას მასში აქტიურდება სუნთქვის პროცესი, მიკროორგანიზმების და მავნებლების ცხოველქმედება, ინტენსიურად მიმდინარეობს თვითჩახურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მარცვლეულის მთლიანად გაფუჭება.

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესანახი მარცვლეულის ტენიანობა არ აღემატებოდეს 14%-ს, მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევაში აღებული მარცვლოვანი კულტურების ტენიანობა მერყეობს 18_30 %-ის ფარგლებში.

მარცვლეულის შრობა წონასწორულ ტენიანობამდე, შენახვის პროცესში მისი მდგომარეობის კონტროლის ავტომატიზებული სისტემების და თვითჩახურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანს დანაკარგებს მარცვლეულის შენახვისას.

სრულად: agrokavkaz.ge