ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ TBC ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები 10-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ TBC კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაშია საუბარი.

„საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის, - გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია. ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ, ხოლო ყველა ქვეყანაში ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ, ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით დაახლოებით 20%-ს, ხოლო ტურისტულ შემოდინებებში საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40% შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, ძალზედ პროდუქტიული ინვესტიციაა!

ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ“, - ნათქვამია TBC კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაში.