სოფლის განვითარების სააგენტო 2027 წელს 16 ქვეყანაში დაგეგმილ 18 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის 3.5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. უწყებამ მომსახურების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თხოვნით უკვე მიმართა.
დაგეგმილი გამოფენები გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, იაპონიაში, კანადაში, ჩინეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გაიმართება. სააგენტოს განმარტებით, ღონისძიებებში მონაწილეობა ქართული სასოფლო-სამეურნეო და აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას, ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
უწყების განცხადებით, გამოფენების ორგანიზატორები მონაწილეობის პირობებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ, ხოლო საჭირო ფართისა და დიზაინის შესახებ ინფორმაცია ხშირად ღონისძიებამდე მხოლოდ 15-30 დღით ადრე ხდება ცნობილი. სწორედ ამ მიზეზით სააგენტო ტენდერის ნაცვლად გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითხოვს.