„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, შავი ზღვის არეალში საზღვაო დერეფნების ბლოკირებამ თურქეთიდან ფოთის ნავსადგურის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ხაზის - Akkon Lines-ის შემოსვლა გამოიწვია.

ცენტრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ახალი საკონტეინერო მიმართულებების დამატება, პირველ რიგში, ქვეყნის დაკავშირებადობის ინდექსის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მსოფლიო ბანკის Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 119-ე საფეხურზე პოზიციონირებს. ორგანიზაციის განმარტებით, ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ქვეყანა და მისი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბებისგან. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ახალი საკონტეინერო ხაზის საქართველოს ამა თუ იმ ნავსადგურში შემოსვლა ცალსახად დადებით ტენდენციად უნდა იქნეს აღქმული.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ცნობით, ნოემბრის დასაწყისში თურქული საზღვაო გადამზიდავი კომპანია Akkon Lines შავ ზღვაში ახალი ფიდერული მომსახურების ამოქმედებას გეგმავს, რომელიც თურქეთს საქართველოსთან დააკავშირებს.

ახალი სერვისი, სახელწოდებით Poti Shuttle, უზრუნველყოფს იზმიტის რეგიონში მდებარე დერინჯეს ნავსადგურსა და ფოთს შორის კონტეინერების გადაზიდვას:

  • გემი და ტევადობა: საწყის ეტაპზე მარშრუტზე ჩართული იქნება 344 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი CHONA.
  • განრიგი: დერინჯედან პირველი რეისი 4 ნოემბერს არის დაგეგმილი, შემდგომი გასვლები კი ყოველ ცხრა დღეში ერთხელ განხორციელდება.

Poti Shuttle შეავსებს Akkon Lines-ის შავი ზღვის არეალში უკვე არსებულ მომსახურებას (რომელიც დერინჯედან რუმინეთის კონსტანცასა და ბულგარეთის ვარნასა და ბურგასის მიმართულებით 686 TEU ტევადობის გემით ოპერირებს).

როგორც ცენტრის ანალიზშია აღნიშნული, ეს ცვლილება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც Akkon Lines-მა - რომელიც ორი გემით ახორციელებდა საკონტეინერო გადაზიდვებს თურქეთსა და რუსეთს შორის - რუსეთის ნავსადგურებში შესვლის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. სექტემბრის დასაწყისში კომპანიამ კლიენტებს აცნობა, რომ რუსეთისკენ მიმავალი ყველა ტვირთი (ზღვაში თუ ხმელეთზე) ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას ან ჩატვირთვის პორტებში გადმოტვირთვას.

თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვების შეჩერება განაპირობა ნოვოროსიისკისკენ მიმავალ, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ კონტეინერმზიდ RMS Team-ზე დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ. მოგვიანებით Akkon Lines-მა რუსეთის მიმართულებისთვის საოპერაციო მოდელი შეცვალა და ნოვოროსიისკის ნაცვლად მომსახურება სანქტ-პეტერბურგის გავლით გადაამისამართა.

ცენტრის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ Akkon Lines-ი შავ ზღვაზე ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავია. მისი როლი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსულმა კომპანია Fesco-მ აგვისტოს დასაწყისში შავ ზღვაში ნაოსნობა შეწყვიტა (მას შემდეგ, რაც უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ნოვოროსიისკთან ჩაძირეს კომპანიის საკონტეინერო გემი Yanina).

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ასკვნის, რომ ფოთის ნავსადგურში Akkon Lines-ის ფიდერული საზღვაო ხაზის შემოსვლა, შავ ზღვაზე საქართველოს დაკავშირებადობის კომპონენტის გაუმჯობესების კუთხით, უდავოდ მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა.