საქართველოში თითქმის ყოველი ახალი ჰესის პროექტი არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სოციალური გამოცდაა. ხიდებისა და გვირაბების აშენებამდე, ჯერ ურთიერთგაგების ხიდია დასაგები.როდესაც მოსახლეობამ არ იცის, რას, რატომ და როგორ აპირებს ინვესტორი, ამ დროს იწყება უნდობლობა, ხმაური და წინააღმდეგობა. სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობა სახელდება ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, რის გამოც გასულ წლებში ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი ჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერდა. ამიტომ ჰესების მშენებლობა ყოველთვის არ იწყება პირველი ბეტონის ჩასხმით, ის, პირველ რიგში, იწყება სწორად გაწეულიკომუნიკაციით.
ინვესტორსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით „რადიო კომერსანტი“ GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელს ირინა ქომეთიანს ესაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით ჰესების მშენებლობის კუთხით ერთ-ერთ გამოწვევას სწორედ ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობა წარმოადგენს. როგორც ირინა ქომეთიანი აცხადებს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია ამ მიმართულებით მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობს და ეს საქმიანობა მომავალში უფრო მეტად მრავალფეროვან ხასიათს მიიღებს, განსაკუთრებით რეგიონებში.
განახლებადი ენერგიის სფეროში პროექტების განვითარებასთან ერთად იზრდება საზოგადოების ინტერესიც. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება პროექტის დაწყებამდეც კი?
„საზოგადოების ინფორმირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ პროექტის იდეის ეტაპიდან. სწორედ ადრეული კომუნიკაცია ქმნის ნდობის საფუძველს და ამცირებს გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების რისკს. როდესაც მოსახლეობა სრულად აცნობიერებს, რა პროცესთან აქვთ საქმე, როგორ შეიძლება ის შეეხოს მათ ყოველდღიურობას და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ, მათი ჩართულობაც უფრო კონსტრუქციული ხდება“.
ჰესებთან დაკავშირებით არაერთი სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როდესაც მსხვილი პროექტები შეჩერდა. ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა სახელდება. თქვენი აზრით დგას თუ არა პრობლემად დღეს კომუნიკაციის ნაკლებობა?
„დიახ, კომუნიკაციის ნაკლებობა ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად. წარსულში განხორციელებულმა ზოგმა პროექტმა აჩვენა, რომ მოსახლეობასთან დიალოგის დროულად არ დაწყებამ და პროცესში მათი სათანადოდ არ ჩართვაამ სერიოზული წინააღმდეგობები გამოიწვია. ენერგეტიკული პროექტები განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებია, რადგან პირდაპირ ეხება ადგილობრივ თემებს, ამიტომ კომუნიკაცია არა მხოლოდ აუცილებელი კომპონენტია პროცესის, არამედ პროექტის წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“.
კომუნიკაციის მნიშვნელობაზე რომ გვითხრათ, არის თუ არა აღნიშნული ერთგვარი გასაღები ინფორმაციული ვაკუუმის შესამცირებლად?
„კომუნიკაცია ნამდვილად არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად. ძალიან ხშირად მოსახლეობას უბრალოდ არ აქვს დეტალური, ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, რას ნიშნავს მაგალითად, კონკრეტული ჰესის აშენება, როგორია გარემოზე ზემოქმედება, რა სარგებელს მოუტანს პროექტი ადგილობრივებს. სწორედ ასეთ სივრცეში ჩნდება ეჭვები, შიშები და ხშირად, დეზინფორმაცია. გამჭვირვალე, ადრეულ ეტაპზე დაწყებული და ორმხრივი კომუნიკაცია ქმნის ნდობას და ამცირებს საეჭვო ინტერპრეტაციებს. სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვენი ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს 10 რეგიონს მოიცავდა და განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, მოსახლეობასთან კომუნიკაციისას არაერთ არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას გადავაწყდით. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულად იგრძნობა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, დროული და გამჭვირვალე კომუნიკაცია“.
GREDA რამდენად აქტიურად მუშაობს კომუნიკაციის გაფართოებისთვის, რათა მოსახლეობას სწორად მიეწოდოს ინფორმაცია ჰესებთან დაკავშირებით?
„GREDA ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, აქტიურად ვთანამშრომლობთ მედიასთან, ვაწყობთ შეხვედრებს, ვახორციელებთ საგანმანათლებლო პროექტებს მთელ საქართველოში. ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ საინფორმაციო კამპანიები, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ როგორც ინვესტორებს, ისე საზოგადოებას, უკეთ გაიგონ ერთმანეთის პოზიცია და მიაღწიონ შეთანხმებას საერთო ინტერესების ირგვლივ“.
თუ ყოფილა მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარმატებული შემთხვევები, როდესაც მოხდა გააზრება იმისა, რომ ჰესებთან დაკავშირებით აქამდე არასრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდათ და ახლა უკეთ იციან მისი სარგებლის შესახებ?
„ასეთი მაგალითები არსებობს და ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირია შემთხვევები, როცა პირველ ეტაპზე სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობა, უშუალოდ ჩართვისა და ინფორმაციის დეტალურად გაცნობის შემდეგ, იცვლის დამოკიდებულებას. მაგალითად, ერთ-ერთი რეგიონული პროექტის შემთხვევაში, საინფორმაციო შეხვედრებისა და ადგილობრივებთან კონსულტაციების შემდეგ, მოხდა არა მხოლოდ გაუგებრობების განმუხტვა, არამედ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ინფრასტრუქტურისა და სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით. როცა ადგილობრივი თემები ხედავენ, რომ მათი ხმა ნამდვილად ისმინება და გათვალისწინებულია, იქ ნდობა იზრდება და პროექტის განხორციელებაც გაცილებით ეფექტური ხდება.
ენერგეტიკულ პროექტებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს. მიმაჩნია, რომ მხოლოდ დროული და ღია დიალოგის გზითაა შესაძლებელი, მოიპოვო საზოგადოების ნდობა და ხელშეწყობა პროექტების გრძელვადიანად და წარმატებით განსახორციელებლად“. - აცხადებს GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი.