„ტრამპის მარშრუტი“ სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის გზას ხსნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიომ აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯია და წარმოადგენს მშვიდობისკენ მიმავალ გზას სომხეთისა და რეგიონისთვის.
„დღეს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლებით შესაძლებელია გამოვკვეთოთ აშშ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების მომავალი და შევქმნათ ახალი გზა პარტნიორობისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სომხებისა და ამერიკელებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება და მისი მთავარი ამოცანაა ურთიერთობების განვითარება ორი ხალხის საკეთილდღეოდ. რუბიოს თქმით, სომხური ხელისუფლების საქმიანობა სომხეთს უკეთესი მომავლისკენ გზას უხსნის.
ცნობისთვის, სომხეთმა და აშშ-მა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოაწერეს.