დასაწყობების სექტორში დიდი მოთხოვნა შეიქმნა, სასაწყობე ფართებზე გაცემული ნებართვები გასამმაგებულია, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის” უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ “თიბისი კაპიტალმა” ტრანსპორტირების და დასაწყობების სექტორი მიმოიხილა. გადაცემაში საუბრისას ირინა კვახაძემ გამოკვეთილ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ბოლო 3-4 წელი დასაწყობებაზე მოთხოვნა 9%-ით იზრდებოდა, იმავე ტემპით გაგრძელებას ველოდებით. ბაზარი ამ შექმნილ სიტუაციას გაჰყვა და ვხედავთ, რომ სასაწყობე ფართებზე გაცემული ნებართვებიც 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გასამმაგებულია. ეს ტემპი 2025 წელსაც გამოჰყვა. თუ 2023 წელს 60 000 კვ.მ ფართობის სასაწყობე ფართობზე იყო გაცემული ნებართვა, 2024 წელს გაიცა 205 000 კვ.მ-ზე, 2025 წლის 8 თვეში კი - 100 000 კვ.მ-ზე”, - განაცხადა ირინა კვახაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ტიპის სასაწყობე მეურნეობები გვაქვს, “თიბისი კაპიტალის” უფროსი ვიცე პრეზიდენტის თქმით, ჯერ არ არის ისეთი სოფისტიცირებული მოთხოვნა, რომ გვქონდეს მაღალგანვითარებული ლოგისტიკური სერვისები, - “ისევ მარტივი სქემით ოპერირებენ, თუმცა არსებული მოთხოვნა ასეთია. ეს მიმართულება ფრაგმენტულია ძირითადად.. ბევრი მოთამაშეა და მსხვილი მოთამაშეები სასაწყობე საჭიროებებს თავად იკმაყოფილებენ”, - დასძინა მან.

ირინა კვახაძემ ტრანსპორტირების მიმართულებით გამოვლენილ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი ამ მხრივ მოთხოვნის და ტვირთბრუნვის ზრდას გაუსვა.

“ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა გაზრდილია. ბოლო ათ წელს თუ დავაკვირდებით, წლიურად 5%-ით იზრდება. 2022 წელმა, სავაჭრო ნაკადების გაზრდამ, ჩრდილოეთ დერეფნის ნაკადების გარკვეულწილად შუა დერეფანზე გადმომისამართებამ, კიდევ უფრო გაზარდა ტვირთბრუნვა. ტვირთბრუნვაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტრანზიტს - დაახლოებით 50% მოდის ტრანზიტზე, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გამტარი ფუნქცია საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის. დანარჩენი მოდის იმპორტზე, ხოლო ექსპორტს საკმაოდ პატარა წილი უჭირავს, რაც ლოგისტიკის და ტრანსპორტის სექტორისთვის არის გამოწვევა”, - განაცხადა მან.

bm.ge