საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე, წლის განმავლობაში 18 კგ ხორბალი იწარმოება მაშინ, როდესაც ნორმით საჭიროა 120 კგ, ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი გაქვს ხორცი, კარაქი, რძე და სხვა.

სამყაროში არსებულ ხორბლის გვარში შემავალი 27 სახეობიდან, საქართველოში გვხვდება და აღწერილია 14 სახეობა: მონოკოკკუმი; დიკოკკუმი; ტიმოფეევი; გეორგიკუმი-პალეოკოლხიკუმი; ქართლიკუმი-პერსიკუმი-დიკა; დურუმი; ტურგიდუმი; პოლონიკუმი; ტურანიკუმი-ორიენტალე; ესტიუმი; სპელტა; კოპაქტუმი; მახა; ჟუკოვსკი.

რაც შეადგენს სამყაროში ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 62%-ს. შესაბამისად დედამიწაზე გავრცელებულ ხორბლის სახეობებშიც 70% ქართული გენი დევს. მათ შორის 5 ენდემური, აბორიგენული სახეობაა, რომელიც სრულიად უცნობია სხვა ქვეყნებისათვის და ბუნებრივად მხოლოდ საქართველოში გვხვდება. საქართველო ითვლება ხორბლის სახეობათა წარმოქმნის კერად.

გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში „ზანდური“ იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science-ში 2016 წელს გამოქვეყნდა. ზანდურთან ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა“. გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა და პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი მათი სტაბილურობა, მაღალი იმუნიტეტი და პარაზიტებისადმი მდგრადობაა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ასობით სახეობა და 15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად. მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science-ი აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდა საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია.

პურის საგანგებო მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს განსაკუთრებული გაჭირვების დროს შეუძლია თავისი არსებობა მარტო პურის საშუალებითაც შეინარჩუნოს.

ქვეყანამ თავისი სავარგულების 60% უნდა დაუთმოს ხორბლისა და მარცვლეულის წარმოებას და ამისთვის უნდა გამოთავისუფლდეს და დამუშავდეს მიწის სავარგულები. ბოსტნეული, ხილი, ციტრუსი და სხვა არ არის სურსათი, არის მხოლოდ მისაყოლებელი შეჭამანდზე.

ვრცლად იხილეთ: agrokavkaz.ge