საქართველოში ელექტრომობილების ბაზარი სწრაფად იზრდება- E-space-ის გენერალური დირექტორის დავით იოსავას ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 10-12 ათასამდე ელექტრომობილია რეგისტრირებული, ხოლო მათ აპლიკაციაში 20 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული, რაც მიუთითებს მზარდ ინტერესზე.
მისი თქმით, წლის ბოლომდე ელექტრომობილების რაოდენობა 15 ათასს მიაღწევს.
,,საქართველოში 10-12 ათასამდე ელექტრომობილია რეგისტრირებული, ჩვენს აპლიკაციაში კი დარეგისტრირებულია დაახლოებით 20 ათასამდე მომხმარებელი. შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ესენი არიან მომხმარებლები, რომლებიც წინასწარ ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას, ან არის პოტენციური კლიენტი, რომელიც ელექტრომობილებით არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, 20 ათასამდე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ავიდეთ. ყოველწლიურ დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ელექტრომობილების იმპორტის 100%-იანი ზრდა ფიქსირდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 15 ათასს მიუახლოვდება",- აღნიშნა დავით იოსავამ რადიო "კომერსანტის" ეთერში.
E-space-ის გენერალური დირექტორის თქმით, ქალაქში სწრაფი დამტენების პრობლემა ელექტრომობილების მფლობელებისთვის კვლავ მთავარი გამოწვევაა.
,,მერიის დამტენები, რაც განთავსებულია თბილისში, ნელი დამტენებია და კვლაც რჩება უფასოდ, რაც კონკურენციას ცოტას რთულს ხდის, რადგან უფასო პროდუქტს კონკურენციას ვერ გაუწევ. სწრაფ დამტენებს რაც შეეხება, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ეს დამტენები ფასიანია მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი და კონკურენტების ფასი დაახლოებით მსგავსია, თუმცა, ჩვენი აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეარჩიოს ადგილი, სანამ მივა, ნახოს 1 კილოვატის ღირებულება და გადაწყვიტოს, უღირს თუ არა",- აღნიშნა space-ის გენერალურმა დირექტორმა დავით იოსავამ.