ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში - AIM 2023 მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში სააგენტო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს ფორუმის ვიზიტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.
წლევანდელ ფორუმზე საქართველო სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების 20-მდე კომპანიასთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნესს კლიმატს გააცნობს.
საინვესტიციო ფორუმის მიმდინარეობისას მიხეილ ხიდურელი ასევე მონაწილეობას მიიღებს AIM 2023-ის ფარგლებში დაგეგმილ პანელზე , სახელწოდებით „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის".
წლევანდელი საინვესტიციო ფორუმი სამი დღის განმავლობაში გასტანს. ფორუმის მთავარია თემაა „საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის".
ფორუმში მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის ინვესტირები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ.
AIM-ის ფორუმი წელს მეთორმეტედ იმართება. წლების განმავლობაში აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდა 174 ქვეყანა, გაიმართა 3 ათასზე მეტი გამოფენა, ფორუმს დაესწრო 125 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 700-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი. წლევანდელ ფორუმს ღონისძიების ორგანიზატორები 20 ათასზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.