ACTR-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი მაღალია. ორგანიზაციამ მოსახლეობის განწყობები შეისწავლა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესახებ. შედეგად : საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი. ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით:
კვლევის შედეგების მიხედვით:
- ბოლო 6 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
- მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.
- 55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა.
ACTR დაინტერესდა ვის აკისრებს მოსახლეობა პასუხისმგებლობას ეკონომიკურ სირთულეებზე. მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.