მაღალი ეკონომიკური ზრდის, სტაბილური ლარის კურსის და ეკონომიკური რყევების ნაკლები მოლოდინი აქვს ქართველი ეკონომისტების ნაწილს.

ხელისუფლების პროგნოზის მსგავსად, ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ყველა პარამეტრით წარმატებულია. მისივე შეფასებით, მცირე რყევებს საპროტესტო აქციები და ანტისამთავრობო განცხადებები ქმნის.

„დღეს ლარის კურსი სტაბილური  მიმართულებისაა და რაიმე გაუფასურებისკენ  მოლოდინი არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც გამოწვევებმა, ან განცხადებებმა, თუ პროტესტმა იქონია ზეგავლენა, ეს სავალუტო კურსი იყო. ანუ, კურსი ყველაზე მოწყვლადია. ბუნებრივია, ეს ყველგან ასე ხდება. როცა პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ის აისახება მოლოდინებზე, განწყობებზე, რაც შემდეგ კურსში გადადის. მოგეხსენებათ, ლარი გაუფასურდა. როდის იყო ლარის კურსის ყველაზე დიდი რყევა? ეს იყო გაზაფხულზე, როცა პროტესტი დაიწყო. სავალუტო კურსმა, ასე ვთქვათ,  ყველაზე ტურბულენტური პერიოდი გაიარა გასული წლის ბოლოს, როდესაც გარკვეული რყევა დაიწყო. მაგრამ, დღეს კურსი სტაბილური  მიმართულებისაა, არც რაიმე გაუფასურებისკენ აქვს მოლოდინი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მაღალი ზრდა გვაქვს, რომელიც კურსის დინამიკის  ერთ-ერთი ფაქტორია, მეორეც – რამე საგარეო ფაქტორი მოსალოდნელი არ არის. პირიქით გეუბნებით, თუ მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდობისკენ გადაეწყო, ამ შემთხვევაში სავალუტო კურსზე არც გლობალური ფაქტორის ზეგავლენა იქნება. ძირითადად, დოლარის კურსს იღებენ ხოლმე, მაგრამ ამერიკაში, ვხედავთ, რომ პოზიტიური მოლოდინებია იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია აკეთებს”- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ  სტაბილურობას ეთანხმება ეკონომისტების მეორე ნაწილი. თუმცა, მათ საპირისპირო მოლოდინები და პროგნოზები აქვთ. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ დასავლეთისგან ფაქტობრივად, იზოლირებული ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ეკონომიკაში რეცესია ახლო პერიოდშია მოსალოდნელი.

„ძირითადი მაკროპარამეტრებით სტაბილური მდგომარეობაა. მაღალი ეკონომიკური ზრდაა, გაცვლითი კურსი სტაბილურია, ინფლაციის მისაღები დონეა, მაგრამ ამავდროულად ეკონომიკის ძირითად სექტორებში პატარა ნაღმებია. განსაკუთრებით, მშენებლობის, ტურიზმის, საცალო ვაჭრობის, მომსახურების სფეროსა და სხვა სეგმენტებში. საყურადღებოა, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით, ბიზნესკლიმატი ქვეყანაში არის მნიშვნელოვნად გაუარესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იზრდება ბიზნესი და კომპანიები თავს იკავებენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისგან. აშკარაა ისიც, რომ დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ვაჭრობა, პოლიტიკური თანამშრომლობა, ბიზნესი ჩიხშია შესული. ამ ბაზრის ჩანაცვლების შესაძლებლობები არსებობს და იმასაც ვხედავთ, რომ ამას „ქართული ოცნება“ ცდილობს, თუმცა მაღალი ალბათობით არც ჩინეთისთვის და არც საემიროებისთვის საქართველო საინვესტიციოდ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, საინტერესო არ უნდა იყოს. საერთო ჯამში, სხვადასხვა მაჩვენებლის და პროცესების ასე გაგრძელებით, არის მაღალი მოლოდინი იმისა რომ წლის ბოლოს ჩვენ მივიდეთ ეკონომიკის სტაგნაციამდე“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ტურიზმის, ინვესტიციების, საბანკო სერვისებისა და მოთხოვნა-მიწოდების ნეგატიურ ცვლილებებზე საუბრობს ეკონომისტი დავით კიკვიძე. მისი თქმით, ეკონომიკური პრობლემები მყისიერად აისახება ვალუტის კურსზე, ხოლო ზოგად ეკონომიკურ სეგმენტში, რეცესიული პროცესები ეტაპობრივად ჩნდება.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი, რასაც წარმოადგენს ინვესტიციები და ტურიზმი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. არსებული დისბალანსი შემოსული მიგრანტების წყალობით ხდება ახლა ვალუტის კურსის სტაბილურ მაჩვენებელზე შენარჩუნება, იმიტომ რომ დააკომპენსირა ტურიზმის ნაკადების შემცირებით გამოწვეული შემოსულობების შემცირება. ინვესტიციები, გასაგებია რომ ძალიან დიდი ხანია ფაქტობრივად არ არის ქვეყანაში. მთავრობა კი გვპირდება, რომ საემიროებიდან შემოიტანს 6 მილიარდის ინვესტიციებს, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეს ნაკლებად რეალურია. აქამდე, ძალიან ბევრი პროექტი, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და კერძო ბიზნესის მიმართულებით, თუ ინფრასტრუქტურული, ფინანსდებოდა დასავლეთის დახმარებით. ფაქტობრივად, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებები გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია რომ იზოლაციაში მოხვედრილ ქვეყანას არ შეექმნას ეკონომიკური პრობლემები. განსაკუთრებით კი საერთაშორისო ვაჭრობის მხრივ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კომერციულ ბანკებში დაკრედიტება, მაგალითად იპოთეკური სესხების პროცენტი გაზრდილია. გაძვირებულია სხვა საბანკო სერვისებიც. ეს რას ნიშნავს? ეს არის სიგნალი ეკონომიკაში მიმდინარე არახელსაყრელი პროცესების. ფულის მასა მცირდება ეკონომიკაში, რასაც ბუნებრივად, ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. დაახლოებით, ასეთი სურათი გველის, თუ ვითარება პოლიტიკური და საგარეო კურსის მხრივ, არ გაუმჯობესდება“, – აცხადებს დავით კიკვიძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს. ინფლაცია კი მთავრობის იერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება. ამ პოზიციას ეკონომისტების გარკვეული ნაწილი სრულიად იზიარებს, მეორე ნაწილი კი არ ეთანხმება და დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ პროცესებს ელის.

წყარო: euronews georgia