„საფონდო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ფასების ვარდნა და ლარის მკვეთრი გაუფასურება დიდი ალბათობით, სწორედ ამ კანონის მიღებას და შესაძლო სანქციების შესახებ განცხადებებს უკავშირდება, რადგან ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა“, - ამის შესახებ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, როგორ განვითარდება პროცესები საფონდო ბირჟაზე, ამის  პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

„თუ რას შეიძლება ველოდოთ, ახლა ამის თქმა რთულია, რადგან არის ხოლმე ვარდნები, რომელიც შეიძლება გასწორდეს, აღმოიფხვრას მაგალითად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელებით. რაც შეეხება საფონდო ბირჟას, ძალიან მნიშვნელოვანია რა მოხდება მომდევნო დღეებში. თუ ეს დაღმასვლა გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები საქართველოს მაღალი რისკის ქვეყნად აღიქვამენ და ცდილობენ ფასიანი ქაღალდები გაყიდონ. ამის სხვანაირად ინტერპელაციას ვერ გავაკეთებთ. კონკრეტულად იმის პროგნოზი, თუ როგორ შეიცვლება ვითარება უახლოეს დღეებში საფონდო ბირჟებზე, ამის განსაზღვრა ახლა შეუძლებელია. 

მისი თქმით, მომდევნო მკვეთრი უარყოფითი ფაქტორი საქართველოს ეკონომიკისთვის აშშ-ის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება იქნება, რაც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს დააზიანებს. 

„ვფიქრობ, რომ ამაზე მეტად სიტუაციის გაუარესება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მოხდება ამერიკის მიერ ფინანსური და მგზავრობის კუთხით სანქციების დაწესება საქართველოში იმ ხალხზე, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კანონის მიღებაში, აღსრულებაში, ხალხზე უკანონო ძალადობასა და დაპატიმრებაში. ეს მოახდენს მომდევნო მკვეთრ ნეგატიურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან საქართველო ჩაითვლება მაღალი რისკის ქვეყნად, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები იქნებიან სანქცირებული. 

თუ ეს კანონი საბოლოო ჯამში ამოქმედდება, მოხდება ისე რომ არასამთავრობო სექტორი გადაწყვეტს ან არ დარეგისტრირდეს ან დარეგისტრირების შედეგად შეუმცირდება დაფინანსება, თვითონ დაფინანსების მკვეთრად შემცირება დამატებითი შიდა უარყოფითი ფაქტორი იქნება ეკონომიკისთვის, რადგან ის თანხები, რომლებიც შემოდიოდა, ვეღარ შემოვა“, - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.