„საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ იყოს ენერგეტიკული ჰაბი, მოახდინოს ელექტროენერგიის გენერაცია, გახდეს თვითკმარი ქვეყანა და შემდეგ უკვე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია," - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანას ჰიდროპოტენციალის 25% აქვს ათვისებული, გაცილებით ცოტაა მაჩვენებელი მზის და უფრო ცოტა – ქარის პოტენციალის ათვისების.

"ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გააქტიურება, მხარდაჭერა, ინვესტიციების მოძიება, თანადაფინანსება როგორც კერძო კომერციული ბანკების, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან.

კომერციულმა ბანკებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუ პროექტებს მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოს მხრიდან, რაშიც იგულისხმება ბიუროკრატიის მინიმიზაცია, ისეთი დოკუმენტების მომზადება, როგორიცაა: სკოპინგი, სკრინინგი და სამშენებლო ნებართვები, გაიზრდება ინტერესი ბანკების მხრიდან დაფინანსების თვალსაზრისითაც.

ასევე, ქვეყანაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელიც იქნება მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვექმნება პრობლემები უცხოური ინვესტიციების მიღებისას.

თუ არ მოხდა ჩვენი პოტენციალის ათვისება, ჩამოვყალიბდებით, როგორც რუსეთზე ენერგოდამოკიდებული ქვეყანა. წლიდან წლამდე იმპორტის მაჩვენებელი იზრდება და ათეულობით მილიონი დოლარი გადის ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია მეტი კოლაბორაცია დასავლურ სამყაროსთან, რათა ნდობა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმართ“ – ამბობს მაია მელიქიძე.

ცნობისთვის, 27 ივნისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ფორუმი, რომელიც შეეხებოდა განახლებადი მომავლის დაფინანსების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფინანსურ ინსტიტუტები, კერძო სექტორის ლიდერები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ ერთად განიხილეს ინოვაციური დაფინანსების მოდელები, საჯარო/კერძო სექტორის თანამშრომლობა და მწვანე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყანაში.