საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან არბიტრაჟში წაგებული $112 მილიონი გაასაჩივრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა წერილიდან, რომელიც BMG-ს იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად გამოუგზავნა. კითხვა შეეხებოდა იმას, თუ როდის მოხდებოდა კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა და უშუალოდ რამდენი მილიონი უნდა გადაიხადოს ამ დავის ფარგლებში ქვეყანამ.

სამინისტროსგან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ დაკისრებული კომპენსაციის მთლიანი მოცულობა 112 მილიონი დოლარია, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება კი გასაჩივრებულია, შესაბამისად, საბოლოო განაჩენამდე ქვეყანას რუსული კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს. Inter Rao დავაში საქართველოსთვის $200 მილიონი დოლარის კომპენსაციის დაკისრებას ითხოვდა.

იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი განმარტება:

“საარბიტრაჟო დავები „Gardabani Holdings B.V., Inter RAO UES PJSC“ და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. საქართველოს წინააღმდეგ“ განხილულია სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (SCC) წესებითა და საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წესებით შექმნილი საარბიტრაჟო ტრიბუნალების კოორდინირებული საქმისწარმოებით.

SCC-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2022 წლის 9 სექტემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ 112 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ICSID-ის არბიტრაჟის ფარგლებში 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 76 მილიონი აშშ დოლარის გადახდა იმ დათქმით, რომ აღნიშნული თანხა შედის SCC-ს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ქართული მხარისათვის დაკისრებულ თანხებში და მოსარჩელეებს ეკრძალებათ ორმაგი კომპენსაციის მოთხოვნა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია და, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე სამართლებრივი დავა არ დასრულებულა.

საარბიტრაჟო დავის ინტერესებიდან, პროცესის კონფიდენციალურობიდან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, ამავე კოდექსის მესამე თავის მოქმედება არ ვრცელდება საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, გაგიზიაროთ რაიმე სხვა ინფორმაცია დავასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

bm.ge