საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა, - ამის შესახებ საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან ირკვევა.
2024 წლის პირველ 3 თვეში საქართველომ რუსეთისგან 91 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. შედარებისთვის ამ მოცულობის რუსული ბუნებრივი აირი საქართველოს არცერთი წლის პირველ კვარტალში არ შეუძენია.
რუსეთიდან იმპორტის მოცულობა საშუალოდ $25-30 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება გაიზარდა და ის 2022 წელს ჯერ 35 მილიონი დოლარი გახდა, 2023 წელს 75 მილიონი, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 91 მილიონი დოლარი (347 ათასი ტონა, წილი თანხობრივად მთლიან იმპორტში 49.5%, წილი მოცულობით კი 38%).
პარალელურად, ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან 39%-ით შემცირდა და 93 მილიონი დოლარი და 556 ათასი ტონა შეადგინა. ამის შედეგად, წილი თანხობრივად მთლიან იმპორტში 51.5%, წილი მოცულობით კი 62% გახდა.
საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს მაგისტრალური მილსადენის(NSGP) მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს (SCP), მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კიტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2023 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 21.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო.