საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ციფრული სანებართვო სისტემა ამოქმედება მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაზიდვების ადმინისტრირებას და ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას,- ამის შესახებ TCRC-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ. 

უფრო კონკრეტულად, ახალი ელექტრონული სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტები სრულად ციფრულ ფორმატში მიიღონ და გამოიყენონ. ნებართვის მოთხოვნის შემდეგ დოკუმენტი მოკლე ვადაში ელექტრონულად გაიცემა, ხოლო მძღოლი მას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ასევე ელექტრონული სახით წარადგენს. შედეგად მცირდება ბიუროკრატიული პროცედურები, ქაღალდის დოკუმენტებზე დამოკიდებულება და ჩქარდება როგორც ნებართვების გაცემა, ისე მათი კონტროლი.

როგორც სახმელო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული და ორივე ქვეყანა სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს.

სააგენტოს შეფასებით, ელექტრონული სანებართვო მექანიზმის დანერგვა გაზრდის საქართველოზე გამავალი საერთაშორისო სატვირთო ნაკადების ინტენსივობას და დამატებითი გადაზიდვების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად დაახლოებით 150 000 ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვა იცვლება, რომელთა ძირითად ნაწილს თურქი გადამზიდველები იყენებენ. საქართველოს მხრიდან ამ კატეგორიის ნებართვების ათვისება გაცვლილი რაოდენობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს, რაც თურქული მხარის მაღალი სატრანზიტო ინტერესის მაჩვენებელია.

ამასთან, ქართული გადამზიდველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. სპეციალურ ნებართვებს, რომლებიც თურქეთში ცარიელი შესვლისა და იქ ტვირთის აღების შესაძლებლობას იძლევა. თურქეთი საქართველოსთვის ყოველწლიურად 28 000 ასეთ ნებართვას გამოყოფს, ხოლო მათი გამოყენების მიმართ ქართული მხარის ინტერესი მაღალია.

გარდა ამისა, საქართველო ყოველწლიურად იღებს 7 500 ე.წ. მესამე ქვეყნის ნებართვას, რომელიც ქართველ გადამზიდველებს საშუალებას აძლევს თურქეთიდან ტვირთი ცენტრალური აზიისა და რუსეთის მიმართულებით გადაიტანონ, რაც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ფინანსურად მომგებიან მარშრუტად ჩამოყალიბდა.

სახმელო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ECMT-ის ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის წარმატებით ამოქმედება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ხელს შეუწყობს როგორც გადაზიდვების ეფექტიანობის ზრდას, ისე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნის კიდევ უფრო გაძლიერებას.

კვლევა ნახეთ ვრცლად: აქ