„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად მიიჩნეოდა, მზარდი გეოეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.

კვლევის მიხედვით, შიდაპოლიტიკური კრიზისი, დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება და ინფრასტრუქტურული პრობლემები ზრდის რისკს, რომ საქართველო რეგიონული სატრანზიტო ქსელის ცენტრალური რგოლის ნაცვლად „ბოთლის ყელად“ და მაღალი რისკის ზონად იქცეს.

საქართველოს გვერდის ავლით ახალი მარშრუტები

EPRC-ის შეფასებით, აშშ და ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ალტერნატიული სატრანსპორტო არქიტექტურის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს გვერდის ავლით ახალ მარშრუტებს ქმნის.

ერთ-ერთ მთავარ პროექტად ანგარიშში TRIPP-ის დერეფანია განხილული, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში სომხეთის, მათ შორის მეღრის მონაკვეთის, გავლით სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას ითვალისწინებს. EPRC-ის ცნობით, პროექტის დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი და თურქეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის დროს დაახლოებით 25%-ით შეამცირებს.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირიც აქტიურად განიხილავს სომხეთის სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ნახიჩევანის მიმართულებით სარკინიგზო კავშირის განვითარებას, რაც ევრაზიული სავაჭრო ნაკადებისთვის საქართველოს ტრანზიტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

ანაკლია და პორტების გადატვირთულობა

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. EPRC-ის შეფასებით, შუა დერეფანზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ლოგისტიკურ პოტენციალს სრულად ვერ იყენებს.

ანგარიშის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას წლებია შეფერხებები ახლავს. ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ხელისუფლებამ „Landlord Port“-ის მოდელი აირჩია, რაც, EPRC-ის შეფასებით, დამატებითი ფინანსური ვალდებულებების რისკს ქმნის.

ამასთან, ფოთისა და ბათუმის პორტების შესაძლებლობები შეზღუდულია მათი მცირე სიღრმის გამო, რის გამოც ისინი დიდი, მათ შორის Panamax-ის ტიპის, გემების სრულად მიღებას ვერ ახერხებენ. კვლევის თანახმად, ეს ზრდის ტრანზიტის ხარჯებს და ამცირებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას.

რუსეთზე დამოკიდებულება და დასავლური დაფინანსების შემცირება

EPRC-ის ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე. კვლევის მიხედვით, 2026 წელს რუსული წილი ნავთობპროდუქტების, თხევადი აირისა და ბუნებრივი აირის იმპორტში კვლავ მაღალია, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობამ 46 000-ს გადააჭარბა.

ანგარიშის თანახმად, დემოკრატიულ უკუსვლასთან და ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, ევროკავშირმა და გერმანიამ საქართველოსთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული დახმარებების ნაწილი გაყინეს.

EPRC-ის დასკვნით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელია დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და უსაფრთხო და გამჭვირვალე სატრანზიტო გარემოს უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა რეგიონული სატრანზიტო ცენტრის ისტორიული ფუნქციის დაკარგვისა და ეკონომიკური იზოლაციის რისკის წინაშე აღმოჩნდეს.