საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დასაქმების დონე შემცირდა. მიზეზი რის გამოც უმუშევრობა არ გაზრდილა არის ის, რომ ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც სამსახურს ეძებენ.
ეკონომისტი ამირან კაპანაძე რადიო კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ სამუშაოს მაძიებელთა შემცირების მთავარი მიზეზი მიგრაციაა.
„საქართველოში სამუშაო ძალა არის შემცირებული. ჩვენ თუ შევადარებთ, 2025 წლის საშუალო სტატისტიკას 2024 წლის საშუალო სტატისტიკასთან, დავინახავთ, რომ სამუშაოს მაძიებელი ადამიანების რაოდენობა 1 პროცენტით შემცირდა. ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ სამუშაო ძალა ქვეყნიდან გაედინება.
2025 წლის ბოლო კვარტლებში 30 ათასი ადამიანით ნაკლები სამუშაო ძალაა ქვეყანაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად სამუშაო ძალის გადინება მეორე კვარტლიდან იწყება ხოლმე, რასაც იწვევს სეზონური სამუშაოების გაზრდილი მაჩვენებელი. შემდეგ ისევ ხდება დაბრუნება ამ სამუშაო ძალის ქვეყანაში, მუდმივად ეს დინამიკაა არსებობს ბოლო წლებში. ამ ადამიანებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდიომია თუნდაც იგივე თურქეთში გადასვლა და იქ მუშაობა, ან, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში. სამწუხაროდ, ჩვენთან საქართველოში სეზონური სამუშაოები საკმარისი არაა, რომ უზრუნველყოს ადამიანების დასაქმება“, - განაცხადა ამირან კაპანაძემ.