საქართველოს მთავრობა საქართველოში საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში ამ კუთხით გადასადგმელი ნაბიჯებია განხილული.

„სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის ცვეთისა და გადატვირთვის შესამცირებლად, გაგრძელდება მუშაობა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, 2024 წელს იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით) გადაზიდვების განვითარების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება“, - ნათქვამია პროგრამაში.

გარდა ამისა, ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ფუნქციის სრულყოფის მიზნით, იგეგმება შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • სახმელეთო ტრანსპორტის კუთხით, გაგრძელდება მუშაობა სერვისებისთვის ერთიანი ელექტრონული/ციფრული პლატფორმის განვითარების მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საერთაშორისო გადაზიდვების (სატვირთო, სამგზავრო) სფეროში ჩართული სექტორი. პროგრამა უზრუნველყოფს მომხმარებლის დროის დაზოგვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.
  • 2023 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოში დაიწყო მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანების სფეროსა და ავტოსადგურების რეფორმირება. აღნიშნული რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება.
  • გაგრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის, ასევე ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციების დანერგვა.
  • საქართველოს ნავსადგურებში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის აქტიური დანერგვა/გაუმჯობესება და სისტემის სრულყოფისთვის სხვადასხვა მოდულების ჩაშენება. შემუშავებულია „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტები. სისტემის სრულფასოვანი ოპერირების დაწყება 2024 წლის ბოლო კვარტლისთვის იგეგმება. პარალელურად, მიმდინარეობს ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) იმპლემენტაციის პროცესი.
  • განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირება (Maritime Labour Convention 2006) და დამტკიცდა თანმდევი ნორმატიული აქტები. შესაბამისად, განხორციელდება მათი იმპლემენტაცია.
  • დამტკიცდა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია. კონცეფციაში წარმოდგენილი პრიორიტეტების შესაბამისად, განხორციელდება საზღვაო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვაო და მომიჯნავე სექტორების კვლევითი დარგის განვითარების ხელშეწყობა და ასევე საზღვაო ტრანსპორტის დარგსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვა. 
  • სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების დანერგვის იდეა წლებია არსებობს, პროექტი 2019 წელს ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას სამთავრობო გეგმის პრიორიტეტებში იყო. საკონტრეილერო გადაზიდვა გულისხმობს სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირებას სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით.

ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში წლების წინ დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი მოხვდა. გეგმაში საუბარია, რომ 2024 წელს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლებაც მოხდება.