„საქართველო დადექი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, - ამ ლოზუნგით შეუერთდნენ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
მათ მსვლლეობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყეს, პროტესტის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები და პლაკატები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია. ადგილზე დამონტაჟდა სცენაც.
შეგახსენებთ, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს, მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც გადაიხადეს. მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძესაც, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს.