მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხმა რადგან წინ წამოიწია, „ბედნიერების ჰორმონებზეც“ ვისაუბროთ. სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინები და ოქსიტოცინი, ნეიროტრანსმიტერები და ქიმიკატებია, რომლებიც ჩვენს განწყობასა და ემოციებს არეგულირებს. ეს „ჰორმონები“ ერთად მუშაობენ დაბალანსებული ემოციური მდგომარეობის შესაქმნელად, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ჩვენსავე ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ამგვარად, თითოეული ბედნიერების ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის რეგულირებაში, სიამოვნების შეგრძნებასა და, ზოგადად, ემოციურ კეთილდღეობაში. უფრო ზუსტად:
სეროტონინი
მეცნიერები გვეუბნებიან, რომ სეროტონინი სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნებაში გვეხმარება. განწყობას არეგულირებს, კეთილდღეობის შეგრძნებებსა და ჩვენს ბედნიერებაზე ზრუნავს. ძილის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მადის რეგულირებაზეც თავად აქვს პასუხისმგებლობა აღებული. შესაბამისად, სეროტონინის დაბალი დონეები ხშირად უკავშირდება შფოთვასა და დეპრესიას.
დოფამინი
ხშირად „ჯილდო“ ჰორმონად მოიაზრებენ, დოფამინი სიამოვნებას, მოტივაციას, ჯილდოებისკენ სწრაფვის ქმედებებს უკავშირდება. მაშინ გამოთავისუფლდება ხოლმე, როცა რაღაცას მიაღწევთ, სასიამოვნო აქტივობას გამოცდით ან ჯილდოს მიიღებთ.
ენდორფინი
ჩათვალეთ, რომ სხეულის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, ისეთი აქტივობების დროს გამოთავისუფლდება, როგორებიცაა ვარჯიში ან სიცილი. ტკივილის აღქმის შემცირებაში გვეხმარება და ეიფორიის შეგრძნებებს აძლიერებს.
ოქსიტოცინი
აი, ეს კი უკვე „სიყვარულის ჰორმონის“ სახელითაა ცნობილი და სოციალური კავშირებისას გამოიყოფა, იქნება ეს ჩახუტება, ფიზიკური შეხება, ბავშვის გაჩენა თუ ძუძუთი კვება. ურთიერთობებში ნდობის, კავშირისა და ინტიმურობის შეგრძნებებს წამოწევს წინ.
როგორ გავაძლიეროთ ბედნიერების ჰორმონები ჩვენში ბუნებრივად?
იმისათვის, რომ ბედნიერების ჰორმონები უფრო ჭარბად გქონდეთ და ასე თქვენი განწყობა გაიუმჯობესოთ, რამდენიმე გზას შეგიძლიათ მიმართოთ, ცხოვრების წესსა და კვებით ჩვევებს უნდა მიხედოთ:
ცხოვრების წესის ცვლილებები
რეგულარული ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით ისეთი აერობიკის სავარჯიშოები, როგორებიც სირბილი ან ცეკვაა, ენდორფინების გამოთავისუფლებას იწვევს და განწყობის ამაღლების ბუნებრივ საშუალებად გვევლინება. მზეზე ყოფნაც სეროტონინის დონეს ზრდის, განწყობასა და ენერგიის დონეებს აუმჯობესებს. დღეში 10-15 წუთიც კი დიდ ცვლილებას მოგიტანთ.
კვების რეკომენდაციები
დიეტოლოგები გვეუბნებიან, რომ კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სხეულის ფუნქციონირებაში, რაშიც განწყობა და კეთილდღეობაც მოიაზრება — „ნეიროტრანსმიტერები, ანუ ბედნიერების ჰორმონები, ტვინში ჩვენს ზოგად განწყობაზეა პასუხისმგებელი, იქნება ეს ბედნიერება, შფოთვა თუ მწუხარება. ეს ქიმიური ნივთიერებები იწარმოება და შესანარჩუნებლად გარკვეულ სამშენებლო ბლოკებს მოითხოვს. ზოგჯერ ვერ ვაანალიზებთ, რომ კვება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს შეგრძნებებში“.
დოფამინი ისეთ საკვებში გვხვდება, როგორიცაა ქათამი, ინდაური და რძის პროდუქტები. B6 და C ვიტამინებით მდიდარი რაციონიც დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამასთან, ციტრუსები, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და ლობიო მაქსიმალურად ზრდის ამ საკვები ნივთიერებების რაოდენობას.
რაც შეეხება სეროტონინს, ინდაურის ხორცში, რძის პროდუქტებსა და კვერცხში გვხვდება. სეროტონინის სინთეზისთვის აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებები, როგორებიცაა მაგნიუმი, ნიაცინი და თუთია, რაც უკვე ფრინველის ხორცში, მარცვლეულსა და თხილში გვხვდება.
ხოლო ენდორფინები მხოლოდ მაშინ გამოთავისუფლდება, როცა სხეული ცილებითაა გამდიდრებული. ამიტომ, ყოველ საღამოს ვახშამთან ერთად მიირთვით მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და დღეში მინიმუმ ერთი ციტრუსით C ვიტამინიც მიაწოდეთ თქვენს სხეულს — დიახ, სულ ეს არის.
წყარო: marketer.ge