თურქეთის მთავრობამ, ბოსფორისა და დარდანელის გავლით, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადასვლისთვის დაკისრებული გადასახადის ოდენობა კიდევ გაზარდა, ამჯერად 4.08 დოლარიდან 4.42 დოლარამდე, 8.3%-ით.

გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საქმეთა სამმართველომ მიიღო.

აღსანიშნია, რომ ეს პირველი შემთვევა არაა და მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გასული წლის აგვისტოში, როდესაც სრუტეებში გავლის საფასური გახუთმაგდა.

მაშინ "ბიზნესპრესნიუსს" "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილი ეუბნებოდა, რომ ეს მოვლენა, საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახებოდა საქართველოში სამომხმარებლო ფასებზე და გაართულებდა ლოგისტიკას შავ ზღვაში.

დღეს კი მდგომარეობა სხვაგვარია. ახლა ირაკლი იაშვილი ამბობს, რომ გადასახადის ზრდას დიდი გავლენა არ ექნება, რადგან ტრანსპორტირების ხარჯები მსოფლიოში მკვეთრად იკლებს.

“ცალკე აღებულად, იმის შეფასება, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს დარდანელის და ბოსფორის სრუტეებში გავლის გადასახადის ზრდამ, რთულია. არც მგონია, რომ მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს ან ჩვენზე აისახოს იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტირების ხარჯები იკლებს.

მაშინ სხვა სურათი იყო, პანდემიის ეფექტი, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა და ამის გამო ჩინეთთან ვაჭრობაც კი შეწყდა”, - თქვა ირაკლი იაშვილმა.

საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის გლობალური ინდექსი ამჟამად 1,380 დოლარზეა, რაც 2021 წლის პიკთან - 11,109 დოლართან შედარებით - 87.6%-ით ნაკლებია და პანდემიამდელი მაჩვენებელია.

პანდემიის შემდეგ, ტრანსპორტირების ფასების კლებას ხელი შეუშალა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა თავდაპირველმა შოკმა, თუმცა, თანდათან, მდგომარეობა დასტაბილურდა.

ცნობისთვის, 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის შესაბამისად, სრუტეებზე თურქეთის სუვერენიტეტი აღდგა, კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა კი მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში არსებითი შეზღუდვების გარეშე ატარებენ, სხვა ქვეყნების სამხედრო გემების გატარება კი იზღუდება მათი კლასის, ტონაჟისა და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით.

bpn.ge