„შრომითი მიგრაციის შესამცირებლად რა უნდა გააკეთოს მთავრობამ. ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებს. მაგალითად, უდიდესი მიგრაცია აქვს იტალიას. ადამიანები იქიდან მიდიან სკანდინავიის ქვეყნებში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპიდანაც კი კულინარიის სფეროს კადრები უფრო მაღალ ანაზღაურებაზე სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიდიან, კადრები კი შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებით ივსება.

„იტალია ტირის, რომ იქ ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, ხდებიან პროფესიონალები და შემდეგ დასაქმებისთვის სხვაგან მიდიან. იგივე ხდება საფრანგეთსა თუ ესპანეთშიც. ფრანგი მზარეულისგან მოსმენილი მაქვს, რომ არავის უნდა საფრანგეთში გაჩერება. საკმარისია, თქვა, რომ ხარ ფრანგი და ერბოკვერცხის გაკეთება იცი, მიდიხარ უცხოეთში და იქ ეგრევე აჰყავხარ, თითქოს ხარ პროფესორი-აკადემიკოსი. ამიტომ არავინ აღარ ჩერდება საფრანგეთშიო. ყველაზე მაღალი ანაზღაურება ამ სფეროში არის სკანდინავიის ქვეყნებში, ავსტრალიაში, იაპონიაში, სინგაპურში და მაღალგანვითარებულ სხვა ქვეყნებში.

ევროპის ქვეყნები კი კადრებს აფრიკული ქვეყნებიდან, ლიბანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან ჩასული ადამიანებით ავსებს. თუ ევროპის ნაწილი ხდები, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთივე სიტუაცია გვექნება. თუმცა, ისიც საკითხავია, როდის გაუტოლდება ქართული ხელფასი ევროპულს და იქიდანაც კი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან.

ქვეყნიდან ხალხი რომ არ წავიდეს, ამის ერთადერთი საშუალებაა, დაბრუნდე საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჩამოაფარო რკინის ფარდა და შემდეგ უკვე დასაქმდებიან ადგილობრივები“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ბიზნესპრესნიუსი