ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკას დადებითად აფასებს, მაგრამ არ იზიარებს სებ-ის პრეზიდენტ ნათია თურნავას იმ განცხადებას, რომლის თანახმად, რეზერვების შევსების პროცესში ძირითად როლს მზარდი ეკონომიკა“ და ვალუტის შემომტანი“ დარგები ასრულებს.

საქმე ის არის, მთლიანობაში 2025 წლის განმავლობაში სებ-მა 1.3 მილიარდი დოლარი შეისყიდა, მათ შორის ყველაზე დიდი - $417-მილიონიანი შესყიდვა სწორედ ივლისში განახორციელა, შედეგად, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

“საბანკო სექტორში ჭარბმა დოლარმა შექმნა იდეალური შტორმი და კარგია, რომ ეროვნული ბანკი იყენებს [ამ სიტუაციას] და ავსებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს“ - თქვა ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა BMGVTV-ის გადაცემა წერტილში“ წამყვანის კითხვას - თუ რეალურად ეკონომიკაში ზრდის ტემპი შენელებულია, რის ხარჯზე ავსებს სავალუტო რეზერვებს ეროვნული ბანკი.

გიორგი ხიშტოვანი ვარაუდობს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 750,000 ლარამდე გამკაცრებამ, რაც იმას ნიშნავს, რომ 750 000 ლარზე ქვევით კრედიტები ბანკებმა ლარში უნდა გასცენ, საფინანსო სექტორში ჭარბი დოლარი გააჩინა, რასაც ბანკები ყიდიან და ეროვნული ბანკი ყიდულობს.

ასევე, მისი თქმით, ფაქტორია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ტემპის შენელება [2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 66.1 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების მოცულობა წლიურ ჭრილში 15%-ით არის გაზრდილია] - ეკონომისტი თავის ვარაუდს სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერაქტიული სტატისტიკის მონაცემებით ამყარებს, საიდანაც ჩანს, რომ ჯამურად დაკრედიტების 15%-იან ზრდაში მთავარი წვლილი ლარში დაკრედიტების ზრდაზე (19.55%) მოდის. იანვრიდან-ივლისამდე კი, უცხოურ ვალუტაში გაცემული ახალი სესხები წინა წელთან შედარებით გაზრდილია 9,5%-ით, როცა შარშან და შარშანწინ ზრდის ტემპი მკვეთრად მაღალი იყო.

რა ხდება, როცა ბანკებს ჭარბი დოლარი უჩნდებათ და ეკონომიკაში ვერ აბრუნებენ ანუ ვერ გასცემენ სესხებს?! [ყიდიან დოლარს] და რას აკეთებს სებ-ი? - ყიდულობს ბანკებისგან ჭარბ დოლარს, რაც სწორია და ამისთვის უნდა შევაქოთ. ამავდროულად, ბანკებს აქვთ მოთხოვნა ლარზე, რადგან საშუალოდ 3% არის ანაბარზე დოლარში და 12% არის ანაბარზე ლარში და შესაბამისად, ბანკების მხრიდან ლარზე მაღალი მოთხოვნაა.

ამდენად, ეროვნული ბანკი სწორს აკეთებს - ძალიან კარგია, რომ რეზერვები იზრდება, მაგრამ ცუდია, რომ თავისი მოგებით აფინანსებს ბიუჯეტს. [2024 წელს სებ-მა 1.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებიდან 670 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადარიცხა]. ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი, რადგან შეიძლება, სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი ვერაკრეფილი გადასახადების ეროვნული ბანკის მოგებით დაკომპენსირებას შეეჩვიოს ანუ გემო გაუგოს ამ 700 მილიონს", - განაცხადა ეკონომისტმა.

გიორგი ხიშტოვანი იმ ეკონომისტებს შორისაა, რომელსაც ეკონომიკის ზრდის ოფიციალურ სტატისტიკაში ეჭვი ეპარება და ვარაუდობს იმას, რომ სინამდვილეში ეკონომიკური აქტივობა შენელებულია და "ქვეყანა ახალ, ნელი ეკონომიკური ზრდის რეჟიმში არის გადასული“.




bm.ge