საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ამერიკული ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი აიკრძალა. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილი მანქანების გაყვანა ამავე ქვეყნებში  26 სექტემბრიდან აიკრძალება. ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ მანქანების ექსპორტსა და რეექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი არ იქნება. მისი განმარტებით, სანქციები კიდევ დაემატება და ევროკავშირი ყველანაირ ეკონომიკურ ურთიერთობას გაწყვეტს რუსეთთან.

„რუსეთთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მიდის გზა, ძალიან მალე გერმანია და პოლონეთი რუსულ მილსადენ „დრუჟბაზე“ მთლიანად იტყვიან უარს, ასევე, რუსეთში რეგისტრირებული ნებისმიერი ტრანზიტული მანქანა ევროკავშირის ტერიტორიაზე ვეღარ მოხვდება, ასევე არის სხვა მრავალი წვრილი და მსხვილი ცვლილებები. ევროკავშირი ორიენტირებულია, რომ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ იმ ქვეყნებზეც გააკეთოს სწორება, რომელიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება”, - დასძინა მან.

მისი თქმით, ეს სანქციები გრძელვადიანი თვალსაზრისით უკეთესი იქნება საქართველოსთვის.

„დივერსიფიკაციის თვალსაზრისით ეს სანქციები დიდი პრობლემაა, მაგრამ აღმოფხვრადია. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ეკონომიკაში რუსეთის წილი დიდი იყო, დაახლოებით 25%-ი, 2021 წელს ეს რიცხვი 15%-ს არ აღემატებოდა. გარდა ამისა, 2006 წელს რუსეთის წილი 15%-ზე მეტი იყო, თუმცა ემბარგოს შემდეგ საქართველოს 10%-მდე ეკონომიკური ზრდა ჰქონდა იმავე წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთზე სანქციების კიდევ უფრო გაღრმავებას საქართველოს ეკონომიკა არ გადაჰყვება.

ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი ეკონომიკური თავისუფლება, უნდა შემოვიტანოთ და გავიტანოთ მეტი პროდუქტი ევროკავშირიდან, ვიდრე რუსეთიდან, უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ნავთობ-პროდუქტებზე და გაზზე დამოკიდებულება საქართველოს მხრიდან ძალიან დიდია, თუმცა თუ გერმანია მზად არის უარის სათქმელად, საქართველომაც ცალსახად უარი უნდა თქვას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ხარჯიანი ნაბიჯი, თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით ასეთი ცვლილებები საქართველოსთვის უკეთესი იქნება”, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარის, ბელარუსში კი 19 000 დოლარს.