რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა Российской газета-ს რუსეთსა და საქართველოს შორის საქმიანი კავშირების განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„აუცილებელია აგრეთვე სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება აბრეშუმის გზის მარშრუტზე -  ჩინეთის, ირანის პორტ „ბანდარაბასის“, ირანის ასტარას, აზერბაიჯანის ასტარას, აზერბაიჯანის გაბალას, საქართველოს მარნეულის და აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთამდე. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებელს გახდის გაზისა და ნავთობის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას სტაბილურ და პროგნოზირებად ფასებში“, - განაცხადა მან.

კატირინი ამბობს, რომ სარკინიგზო ტრანზიტი „გაათავისუფლებს ზემო ლარსის სასაზღვრო კვეთას და შეამცირებს მიწოდებული საქონლის ღირებულებას“.

„თურქეთის გავლით რუსული საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასეთი სქემის ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაცია აფხაზეთის ომის შემდეგ შეწყდა. საქართველოს ხელისუფლება აქამდე არ უჭერდა მხარს მისი აღდგენის ინიციატივებს, ხოლო სომხეთის ხელისუფლება ხშირად გამოხატავდა ამ საკითხისადმი დაინტერესებას.