2024 წლის ნოემბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში სულ 3,513 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. 

ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 12.3%-ით გაიზარდა და წლიურად უცვლელი დარჩა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ დაგროვილ მოთხოვნას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ნოემბერში ფასები თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა და $1,312-ს მიაღწია. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობამ ივნის-სექტემბერში დაფიქსირებული ჩავარდნის შემდეგ ზრდა განაგრძო და წლიურად 74.3%-ით გაიზარდა.

„ჩვენი უახლესი გამოკითხვით, შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა. ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იყო: 1. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაგროვილი მოთხოვნა. 2. ახალი მსხვილი დეველოპერული პროექტების დაწყება. კერძოდ, 2024 წლის ივნისის შემდეგ ხუთზე მეტი ფართომსაშტაბიანი პროექტის გაყიდვები დაიწყო“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

იმ პროექტებში რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინების 71%-ია უკვე გაყიდული. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა.

2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 7%-დან 2%- მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 12%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე.