აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი გადაწყვეტილებებით ანალიტიკოსების გაკვირვებას განაგრძობს. ტრამპი ხშირად არაპროგნოზირებადია, რის გამოც ექსპერტების მოლოდინები არ მართლდება. მორიგი ასეთი არასწორი მოლოდინი მის საგარეო პოლიტიკურ კურსს უკავშირდება. არჩევნებამდე ანალიტიკოსების უმეტესობა ტრამპისგან იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას ელოდა, თუმცა მათი ეს მოლოდინი სრულიად არასწორი აღმოჩნდა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში ოფიციალურად ჯერ არ შესულა, მსოფლიო გლობალური პოლიტიკისთვის უკვე მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს და ინიციატივებს აჟღერებს. დონალდ ტრამპი აშშ-ის გაფართოებაზე აქტიურად საუბრობს და კანადის 51-ე შტატად მიერთების სურვილს გამოთქვამს. ტრამპის მიერ ახალი მიწების შეერთების სურვილი აქ არ სრულდება. მან გრენლანდიის ყიდვაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. რატომ სურს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შტატებისთვის ახალი ტერიტორიების მიმატება და რა დგას მისი ინიციატივების უკან? ამ კითხვით ,,კომერსანტმა’’ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს გიორგი ლაბაძეს მიმართა. გიორგი ლაბაძე ტრამპის ინიციატივებს გლობალურ პოლიტიკაში არსებული ვითარებით ხსნის. ამბობს, რომ ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის ინტერესების გამყარება სურს. მთავარი გამოწვევა კი მისთვის ჩინეთისა და რუსეთის მიერ მოპოვებული უპირატესობაა.

,,იყო, მათ შორის ქართულ საზოგადოებაში და ე.წ. საექსპერტო წრეებში მოსაზრებები, რომ ტრამპი აირჩევდა ამერიკის იზოლაციონისტურ მიდგომებს და ჩაიკეტებოდა თავის ქვეყანაში და ამით დამთავრდებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკა. რაც აღმოჩნდა წარმოუდგენლად არასწორი. იზოლაციონიზმი კი არა, ეს ადამიანი საერთოდ ახალი მიწების მიერთებაზე ალაპარაკდა. როგორც მსოფლიოში მიმდინარე, ძალიან მძვინვარე გადანაწილებებისა და ეკონომიკური დაპირისპირებების, იგივე სამხედრო დაპირისპირებების პირობებში ამერიკას სურს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც შეიძლება მეტად დაიცვას თავი სამომავლო საფრთხეებისგან. ცხადია, ეს უნდა დავუკავშიროთ თემას, რაც არის რუსეთისა და ჩინეთის ძალიან მზარდი გავლენები იგივე გრენლანდიაში და ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში. გრენლანდიაში არაერთი პროექტი მიმდინარეობს ჩინეთის ჩართულობით. რაც რეალურად ტრამპისთვის წითელი ხაზი არის ხოლმე. იმიტომ, რომ ამერიკელები ხედავენ ჩინეთის მზარდ ექსპანსიას და ჩინეთის მზარდ საფრთხეს და როდესაც ჩვენ შევხედავთ გრენლანდიას, საკმაოდ ახლოა შეერთებულ შტატებთან. თუ გრენლანდიაზე ამერიკა შეძლებს კონტროლის დამყარებას ეს იქნება ჩინეთის მაქსიმალური მოშორება აშშ-ის სანაპიროებიდან.’’- აცხადებს ჩვენთან საუბარში გიორგი ლაბაძე.

ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი განმარტავს, რომ შტატების უსაფრთხოების პოლიტიკა ერთ-ერთ მთავარ პრინციპს ემყარება - ტერიტორიული სიშორე და მაქსიმალური დისტანცია მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ აშშ-მა სწორედ ამ მიდგომით შეძლო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილება. ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი ამბობს, რომ ტრამპი ახლაც იმავეს ცდილობს. კანადისა და გრენლანდიის შეერთებით, შტატები მთლიან ჩრდილოეთ ამერიკაზე დაამყარებს კონტროლს და ჩინური და რუსული საფრთხეებიდან ტერიტორიული თვალსაზრისით დისტანციის დაცვას შეძლებს. ტრამპის ინიციატივის უკან დგას ასევე ეკონომიკური ფაქტორიც. არჩეულ პრეზიდენტს ჩინეთის ძლიერი ეკონომიკა მთავარ გამოწვევად მიაჩნია.

,,ამერიკამ მშვიდობის დამყარება იმით შეძლო, (არც პირველი მსოფლიო ომი, არც მეორე მსოფლიო ომი ამერიკის ტერიტორიაზე არ მომხდარა) რომ ომები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, ევროპაში მიმდინარეობდა და რაღაცნაირად გააკონტროლა საზღვაო გზები ისე, რომ ამერიკამდე არ მივიდა. გრენლანდია საკმაოდ ახლოს მდებარეობს შეერთებულ შტატებთან. კანადაც იქვეა. ეს არსებითად არის მთელი ჩრდილოეთ ამერიკის დაკავების მცდელობა, რაც თავისთავად ცხადია გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება შორს დააყენოს ჩინური და რუსული საფრთხეები ამერიკისგან. ეს არის მისი ერთ-ერთი მოტივი. ტრამპმა თავად თქვა, რომ უშიშროების ერთ-ერთი გამოწვევა არის გრენლანდია და ეკონომიკური საკითხიც დიდ წილად არის. გრენლანდიას საკმაოდ დიდი რესურსები აქვს და ბოლოს და ბოლოს არის ადგილი, საიდანაც კარგად შეიძლება ატლანტის ოკეანის გაკონტროლება იგივე სამხედრო თვალსაზრისით. ამერიკის უსაფრთხოება არის ასე, რომ ამერიკას ტერიტორიულად არ უნდა მიუახლოვდნენ მტრული განწყობების მქონე სახელმწიფოები. ეს თავიდან ეხებოდა ევროპას. ახლა უკვე ეხება ჩინეთს. იდეა არის ერთი, რომ რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი და მაქსიმალურად შორს უნდა აღმოჩნდეს შტატების ტერიტორიიდან მტრული სახელმწიფოები. ეს არის მთავარი მოტივი.’’- აცხადებს გიორგი ლაბაძე ჩვენთან საუბარში.

ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი აცხადებს, რომ ტრამპის ინიციატივები მხოლოდ მას არ ეკუთვნის, რადგან მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ამერიკის პოლიტიკური ელიტა დღეს სახიფათოდ და რთულად აფასებს.

,,როდესაც ამერიკის ელიტამ ნახა, რომ საკმაოდ სახიფათო ვითარებაშია მსოფლიო, იგივე ჩინეთის ექსპანსიის თვალსაზრისით, იგივე უკრაინაში რაც ხდება. ეს მხოლოდ ტრამპზე არ არის, ამის უკან ბევრი დგას და როგორც ჩანს ამერიკის მმართველი ელიტა ბევრად რთულად უყურებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. და არც ისე იზოლაციონისტურად არიან განწყობილები.’’- აღნიშნავს გიორგი ლაბაძე ჩვენთან საუბარში.