ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ საზღვრების ხელშეუხებლობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დისკუსიების დროს, შეერთებული შტატების ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა გამოიკვეთა. საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ჩვენგან აღმოსავლეთითაა თუ დასავლეთით. ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას ეს, მიუხედავად იმისა, პატარა ქვეყანაა თუ ძალიან ძლიერი ერი. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი კომპონენტი იმისა, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ“,- აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები გააძლიერებენ თავდაცვის შესაძლებლობებს ერთმანეთთან კოორდინირებით.

„ნატო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი თავდაცვისთვის და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრალური საყრდენი, ასევე ევროპულ სახელმწიფოებსა და კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში. ნათელია, რომ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება უახლოეს მომავალში ძალიან დაძაბული იქნება. ამას გადამწყვეტად და წინდახედულად უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ გავაძლიერებთ თავდაცვას ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით“,- აღნიშნა შოლცმა.

პირველი არხი