ახალი წლის დღეებში საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდა. ფასის მატება განსაკუთრებით დიდი არ არის და როგორც ითქვა, ეს ამბავი საახალწლო სამზადისს და გადააადგილებს უკავშირდებოდა. სამომავლოდ კი ნავთობის ფასის სტაბილიზაცია და გაიაფებაა მოსალოდნელი, რაც დონალდ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარეობს. საინტერესოა, ამ მოვლენების პარალელურად რას უნდა ველოდოთ საქართველოში, სადაც ბოლო პერიოდში ლარის კურსი მერყევია. 

დღეისათვის, საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის საწვავის ღირებულება 79 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 8%-იან გაძვირებას ნიშნავს. გლობალურ ბაზერზე რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ნავთობპროდუქტების გაძვირება კი ახალი წლის პერიოდთან არის დაკავშირებული, ამიტომ ითქვა, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდება.

სწორედ სადღესასწაულო დღეებს უკავშირებს ნავთობის გაძვირებას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი და თან ფიქრობს, რომ ახლა გაიაფების მოლოდინია შექმნილი.

„ახალი წლის დღეებში გლობალურ ბაზარზე ფასების ცვალებადობა უკავშირდება იმ წინასაახალწლო გადაადგილებებს, რომელიც ტრადიციულად არის ხოლმე, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში. როგორც წესი, ამ დროს, უფრო მაღალია ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა, რაც საერთაშირისო ბირჟებზე ასე თუ ისე აისახება. ეს ერთგვარი ტრადიციიული მოვლენაა, არაფერია განსაკუთრებული. შესაბამისად, ეს იყო ნავთობის ფასის მერყეობის მთავარი ფაქტორი.

დღეის მდგომარეობით გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ღირებულებას თვალს თუ გადავავლებთ, რაიმე არსებითი ცვლილება არ არის, თუმცა ტრამპის ბოლო განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მან დააანონსა, რომ ამერიკა გაზრდის ნავთობის მოპოვებასა და მიწოდებას მსოფლიო ბაზარზე, უნდა ველოდოთ, რომ ეს ფასების მიმართულებით დადებითად აისახება. ვგულისხმობ პოზიტიურ სიტუაციას, ფასები წავა შემცირების მიმართულებით გლობალურ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის ღირებულების შემცირების კუთხით", - ამბობს პაატა ბაირახტარი.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო პერიოდში საწვავის ღირებულება სტაბილურია, თუმცა მერყევია ლარის კურსი. ეროვნული ვალუტა კი საწვავის ფასწარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს, ამიტომ, როგორც ბაირახტარმა განაცხადა, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, საწვავი ალბათ გაძვირდება.

„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ფასების ცვალებადობის კუთხით, გლობალურ ტენდენციებზე უფრო მნიშვნელოვანად მიმაჩნია ბოლო ორ კვირაში ეროვნული ვალუტის გარკვეული ტურბულონტობა. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარის ნომინალური ღირებულება 2.86-ს გასცდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ადილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ცვლილება მივიღოთ.

ახლა რუსეთიდან კი შემოდის საწვავი, თუმცა ეს გადაზღვევა ვერ იქნება, თუ კურსი გარკვეულ დიაპაზონში არ დასტაბილურდა. რუსეთის მიმართულება გახსნილია და დღესდღეობით ჩრდილოეთიდან ყველა ტიპის საწვავი შემოდის", - გაცხადებს ბაირახტარი.

დღეისთვის, საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი დიზელის ღირებულება 2.55 ლარს შეადგენს, ბენზინისა კი - 2.37-2.38 ლარს. ამ მხრივ ვითარება სრულიად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გაცვლითი კურსის ფაქტორზე გაამხვილა ყურადღება კომპანია „სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემაც და აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება, როგორც წესი, საწვავის გაძვირების საფუძველია.

„საქართველოს ბაზარზე ნაკლებად აისახა საერთაშიროსი ბირჟებზე ნავთობის გაძვირება. დღეის მდგომარეობით, საბითუმო ბაზარზე დიზელი 2.55 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 2.37-2.38 ლარი. დაახლოებით იგივე მოცემულობა იყო გასული წლის ბოლოს.

მიმდინარე პერიოდში, რუსეთიდან საწვავის შესყიდვა ჩვეულებრივ გრძელდება. ამ მხრივ იმპორტი უპრობლემოდ ხორციელდება.

რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, იგი ყოველთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავის ფასწარმოქმნაში. ამიტომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყოველთვის აისახება საბოლოო ღირებულებაზე. საჭიროა ლარი დასტაბილურდეს, რომ ბაზარზე არსებული ვითარება შევინარჩუნოთ",  - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

ბოლო პერიოდში მცირე ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი გაიაფდა. 1 ლიტრი საწვავის საცალო ღირებულებამ დააახლოებით 10 თეთრით დაიკლო. ბრენდირებულ სადგურებში კი ფასი შენარჩუნებულია და ცვლილება არ მომხდარა.

წყარო: რეზონანსი