„იმ ფონზე როცა დაიწყო იმპორტის გაიაფება და ვალუტის კურსის გამყარება, რიგმა კომპანიებმა თავისი კონკურენტული უპირატესობა არ დათმეს. რაც გახდა საფუძველი, რომ მოკვლევის ეტაპზე გადავსულიყავით“, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.
„2022 წელი მსოფლიოში და ქვეყანაშიც საავტომობილო საწვავის მაღალი ფასებით გამოირჩეოდა. იმ ფონზე როცა დაიწყო იმპორტის გაიაფება და ვალუტის კურსის გამყარება, რიგმა კომპანიებმა თავისი კონკურენტული უპირატესობა არ დათმეს. რაც გახდა საფუძველი, რომ მოკვლევის ეტაპზე გადავსულიყავით. ამჟამადაც 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა და ვფიქრობთ, რომ შედეგებს ივნისის თვეში წარმოვადგენთ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს თქმით, სააგენტომ გასულ წელს ჯანდაცვის ბაზრის მონიტორინგი განახორციელა, რომელიც 13 რეკომენდაციით დასრულდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი რეფორმების იმპლემენტაცია დაიწყო, მათ შორის - ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასწარმოქმნა რიგ მედიკამენტებზე და სხვა.
„13 რეკომენდაციის წარმოდგენის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი რეფორმების იმპლემენტაცია დაიწყო. წლის ბოლოსთვის, შეიძლება ითქვას, უმრავლესობა ამ რეკომენდაციების დანერგილია, ან დანერგვის პროცესშია, მათ შორის ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასწარმოქმნა რიგ მედიკამენტებზე, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მიდის ძალიან აქტიურად. ჩვენი შეფასებებით ამ რეფორმების შედეგადაც, მნიშვნელოვანი იქნება ის დანაზოგი, რასაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ გაზრდილი კონკურენციის შედეგად. არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ქმედებები უნდა განეიტრალდეს, ვინაიდან ეს ქმნის მთავარ პრობლემას ჭარბ მოხმარებაშიც და მაღალფასიანი მედიკამენტების მოხმარებაშიც,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „კომერსანტის“ ეთერში ფარმაცევტულ ბაზარზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სააგენტო შედეგებს 6 თვის თავზე წარმოადგენს.
„1 თვის წინ ფარმაცევტულ ბაზარზე დავიწყეთ მოკვლევა. ეს უკავშირდებოდა, რეფერენტული ფასწარმოქმნის დაწესების შემდეგ, ონკოლოგიური მედიკამენტების ერთი და იგივე ფასწარმოქმნის ფაქტს, როცა 4-მა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზა სახელმწიფოს. ეს საკმარისი საფუძველი გახდა ჩვენთვის, რომ დაგვეწყო საქმის მოკვლევა და 6 თვის თავზე წარმოვადგენთ შედეგებს“, - განაცხადა ლექვინაძემ.