კახეთში პირდაპირი სუბსიდირების შეჩერება დარგისთვის სწორი ნაბიჯია, სუბსიდია მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა,- ამის შესახებ Schuchmann Wines-ის დამფუძნებელმა ნუცა აბრამიშვილმა "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მეღვინეობის დარგი მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას საჭიროებდა, რაც ახალი ცვლილებით იქნება შესაძლებელი.
,,წელს კახეთში პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც გულისხმობს სხვაობის დაფარვას კომპანიასა და ფერმერს შორის, აღარ ხორციელდება, Schuchmann Wines კი ბენეფიციარი არც არასოდეს ყოფილა. დარგი საჭიროებდა მიწოდება-მოთხოვნის დაბალანსებას, რაც ფაქტობრივად, განხორციელდა. ამ ეტაპისთვის სუბსიდირების შეჩერება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ მუდმივად ეს ვერ გაგრძელდებოდა. ვფიქრობ, განვითარების მიზნით, შემდგომში სხვა კულტურების მხარდაჭერაც უნდა მოხდეს, რათა მოვახდინოთ მეტი ექსპორტი და მივიღოთ მეტი შემოსავალი, რაც რასაკვირველია, ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება დასავლეთს, უნდა შევხედოთ შედეგებს, რა შედეგები მივიღეთ ამა თუ იმ საქმიანობიდან და ღონისძიებიდან. დასავლეთის ყურძენი საკმაოდ მაღალი ფასით გამოირჩევა და როგორც კომპანიას, ისე ფერმერს საკმაოდ მაღალ შემოსავლიანობასა და მომგებიანობას აძლევს. აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ, რომ ეს ღვინოები სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იყიდება და ბალანსი გრძელვადიან ჭრილშიც ნარჩუნდება, შესაძლებელია, ხარჯების სხვა კულტურის განვითარებისკენ მიმართვა",- აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.